კორონავირუსის შემთხვევის გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება
კორონავირუსის შემთხვევის გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება.

მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება დაცული როგორც თანამშრომლების, ისე რესპონდენტების უსაფრთხოება და არ გაიცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი რეკომენდაცია.

აჭარის ტელევიზიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აჭარის მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა.

„ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება. ვერც საკუთარ თანამშრომლებს და ვერც საზოგადოებას ვერ ჩავაყენებთ საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ვიდრე არ იქნება შესაბამისი რეკომენდაციები, არ გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩვენი მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

ამ დროისთვის აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.