აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ პარტიებს აჭარის ტელევიზიის თემის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება სურთ
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ პარტიებს აჭარის ტელევიზიის თემის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება სურთ

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, სოსო სტურუას განცხადებით, აჭარის ტელევიზიის თემას პოლიტიკური პარტიები იყენებენ. სოსო სტურუა აჭარის ტელევიზიასთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების დევნისა და შევიწროების ფაქტები არ არსებობს და არც სარედაქციო პოლიტიკაა საფრთხეში.

„ჩემთვის უმთავრესია, მაუწყებლის ეთერში ისმოდეს ყველას ხმა. ეს აქცია იყო პირდაპირ ეთერში და რაც არ უნდა მოხდეს ან თემა იყოს, ყოველთვის გავა აჭარის მაუწყებლის ეთერში. აქ იქნება ყველა განსხვავებული აზრი. ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებაზე არაფერი მეტყველებს, ასეთ ფაქტს არ ვიცნობ. არავინ დაინტერესებულა, ენახა დოკუმენტები თუ რის საფუძველზე მოხდა ადამიანების გათავისუფლება ან საყვედური. აქციაზე ბევრი პოლიტიკური პარტია იყო. ლიდერები ამბობდნენ იმავეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიას სურს, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს ამ თემით. ეს ტელევიზია ყველასთვის იქნება ღია. ახალი ბრალდება არ გამიგია. ამას ამბობდნენ ნოემბერში, იანვარში და ახლაც. გავა რამდენიმე თვე და იმავეს იტყვიან, თუმცა ნახავთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება დაცული“, – განაცხადა სოსო სტურუამ.

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“,  „სამოქალაქო მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.