გიორგი კოხრეიძე - ალექსანდრე მილორავა მთხოვს, უზრუნველვყო მისი, მრჩეველთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს წევრების დებატები, აჭარის მაუწყებელში უკვე დასრულდა დრო, როცა დირექტორი წყვეტდა, ვინ მოეწვიათ სტუდიაში და ვინ დაებლოკათ
გიორგი კოხრეიძე - ალექსანდრე მილორავა მთხოვს, უზრუნველვყო მისი, მრჩეველთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს წევრების დებატები, აჭარის მაუწყებელში უკვე დასრულდა დრო, როცა დირექტორი წყვეტდა, ვინ მოეწვიათ სტუდიაში და ვინ დაებლოკათ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალექსანდრე მილორავა, რომელიც ტელევიზიის შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავდა, მას სთხოვს, რომ უზრუნველყოს მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატების დებატები პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, აჭარის მაუწყებელში დასრულდა დრო, როცა დირექტორი წყვეტდა, ვინ მოეწვიათ სტუდიაში და ვინ დაებლოკათ.

„ალექსანდრე მილორავა, რომელიც ტელევიზიის შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავდა, მომმართავს წერილით, უზრუნველყო მისი, მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატების დებატები პირდაპირ ეთერში. მილორავა და მისი თანამოაზრეები, რომლებიც მართავენ აქციებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად, ამავდროულად პირდაპირ მთხოვენ დავარღვიო სწორედ ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჩავერიო სტუდიის სტუმრებისა და გადაცემის თემატიკის განსაზღვრაში. ვერ წარმოუდგენიათ, რომ აჭარის მაუწყებელში უკვე დასრულდა ის დრო, როცა დირექტორი წყვეტდა, ვინ მოეწვიათ სტუდიაში და ვინ დაებლოკათ.

ახლა ნათელია, თუ რატომ არ წუხდნენ ეს ადამიანები, როცა კანონის დარღვევით დირექტორის მოადგილეს ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება. მათთვის მისაღები ყოფილა, როცა დირექტორი, ან მოადგილე აძლევს მითითებას პროგრამებს. სწორედ ასეთი შეხედულების ადამიანები გვიპირისპირდებიან მაუწყებელს სხვადასხვა ტიპის აქციების სახით. არ ვიცი ჩემამდე როგორ იყო და რას მისტირიან, მაგრამ ჩემი დირექტორად დანიშვნის შემდეგ სტუდიის სტუმრების ვინაობას და გადაცემის თემატიკას პროგრამები განსაზღვრავენ დამოუკიდებლად, როგორც ეს კანონითაა მოთხოვნილი. სწორედ ასეთმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ აჭარის მაუწყებელი დღეს სრულად გახსნილია საზოგადოების ყველა აზრისთვის, რასაც წინა წლებთან შედარებით სტუდიის სტუმართა თვალშისაცემი ზრდა ადასტურებს“, – აღნიშნულია კოხრეიძის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი