აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნა - მხარეთა პოზიციები [ვიდეო]

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს.

ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა)  ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.

ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებას სამი ხმა სჭირდება. საკითხზე საბჭო ორშაბათს იმსჯელებს და ათდღიან ვადაში ჩანიშნავს სხდომას, სადაც დირექტორის გადაყენების საკითხს გადაწყვეტს.

„ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შენიშვნები არის მრავალფეროვანი. ეხება ტელევიზიის რეიტინგის შემცირებას, ასევე პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას, ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს პრეტენზიებს არანაირი კავშირი არ აქვს არხის სარედაქციო პოლიტიკასთან. არანაირი საფრთხე ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას არ ემუქრება, ამის სადარაჯოზე ვიქნები მეც და მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა”, – აცხადებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი. ამასთან, ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) „მოამბის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თავის მხრივ, აჭარის ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ იმედი გამოთქვა, რომ მაუწყებლის ყველა თანამშრომლისთვის ძვირფასი იქნება დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და შედეგი.

„ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფლება, რაც როგორც შიდა, ისე გარე კვლევებში ძალიან ხაზგასმით არის აღნიშნული, სწორედ ჩვენი მონდომების და ამჟამინდელი მენეჯმენტის შედეგია. მე იმედი მაქვს, რომ თითოეული ადამიანისთვის, ვინც მუშაობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვეძვირფასება დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და შედეგი”, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი გამორიცხავს, რომ პირადად მის გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის ზეწოლამ გავლენა მოახდინოს.

„ნაწილი საკითხებისა, რომელიც შენიშვნების სახით არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, არის გააზრებული და ვიცოდით, რომ ამ საკითხებზე მოგვიწევდა მსჯელობა. ჩვენ მოვუსმენთ მხარეებს და ვიმსჯელებთ. პირადად მე, ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ვარწმუნებ ყველას, რომ მე არ გავითვალისწინებ არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ საზოგადოების წევრის მოსაზრებას, ისინი ვერ მოახდენენ ჩემზე ზეწოლას. მე ვიქნები თავისუფალი ჩემს არჩევანში და მოვუწოდებ ყველა წევრს, საკუთარი სინდისიდან გამომდინარე მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება”, – აცხადებს ნატა იმედაიშვილი.

დატოვე კომენტარი