აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში მოისმინეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში მოისმინეს

დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდა აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა 2019 წლის საქმიანობის შესახებ ისაუბრა, თუმცა ანგარიშის დაწყებამდე სხდომაზე ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი გამოვიდა სიტყვით და დეპუტატებისგან მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის პოლიტიკური შეფასება მოითხოვა.

„პანდემიის დროს დამტოვეს უმუშევრად და ამ ბორდს არაფერი გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისა“ და პრემიერ-მინისტრის პოზიცია იყო, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ მსგავს ხისტ გადაწყვეტილებებს, ჩვენთან კი ამას დირექტორი არ მორიდებია. ბევრი კითხვაა, რომ მრჩეველთა საბჭოს მოქმედებები ხელისუფლებასთან კავშირშია. თუ ასე არ არის და თუ მართლა ხელისუფლების მიერ არ იმართება, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს, იმედი მაქვს, უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური რეაგირება მოჰყვება საკითხს“, – განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

აქტივისტებმა, რომლებიც ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდნენ, სხდომა დატოვეს იმ მოტივით, რომ მათ არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მათ განუმარტა, რომ რეგლამენტით არ შეეძლოთ კითხვის დასმა და შეკითხვები შეეძლოთ, გადაეცათ დეპუტატებისთვის, რომლებიც მათ დასვამდნენ.

ოპოზიციის შეფასებით, ანგარიში იყო არაფრისმომცემი და მათ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

„არაფერია ნათქვამი თანამშრომლების შევიწროებაზე დირექტორის მხრიდან, სახალხო დამცველისა და ევროკავშირის შეფასებაზე. ამ პრობლემებს ბორდის თავმჯდომარე ვერ ხედავს და არ აქვს კითხვები. აკმაყოფილებთ ის სიტუაცია, რაც ხდება ტელევიზიაში. პრობლემა არაა, რომ აჭარის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვა აღარ ისმის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა, ასმათ დიასამიძემ.

უმრავლესობის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ახალარჩეულია და მას არ მოეთხოვება პასუხი გასულ წელზე.

„ეს არის 2019 წლის პრიორიტეტების ანგარიში, რომელიც წარმოგვიდგინეს, ფაქტების კონსტატაცია მოვისმინეთ. არხზე პრიორიტეტების შემუშავება არ დასრულებულა. ბიუჯეტის შესრულება-არშესრულებაზე საუბარი ნაადრევია, შედეგი უნდა დადგეს. ოპოზიციის შენიშვნები პოლიტიკურად ანგაჟირებულია“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ილია ვერძაძემ.

ოპოზიცია მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს, თუმცა საკითხის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად ერთი ხმა აკლიათ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმრავლესობა კი აცხადებენ, რომ მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.

„არსებობს კანონი, უმაღლეს საბჭოს მხოლოდ ორ შემთხვევაში შეუძლია, მრჩეველთა საბჭოს დათხოვნა, როცა დირექტორი ვერ ასრულებს პრიორიტეტებს ან ბიუჯეტს და საბჭო არ რეაგირებს. შვიდი თვის წინ აირჩიეს გიორგი კოხრეიძე. ამ პერიოდში როგორ უნდა შეფასდეს ან მისი საქმიანობა, ან პრიორიტეტები, ან ბიუჯეტის შესრულება. მე მხარს არ დავუჭერ და ვერ ავიღებ თავზე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლოში გასაჩივრდება და რომელსაც წავაგებთ“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.