არჩილ თალაკვაძემ  - ადამიანს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად გახდება საკრებულოს წევრი, აქვს სრული ლეგიტიმაცია, იმუშაოს საკრებულოში
არჩილ თალაკვაძემ  - ადამიანს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად გახდება საკრებულოს წევრი, აქვს სრული ლეგიტიმაცია, იმუშაოს საკრებულოში

40 პროცენტი ექნება, 42 თუ 37 პროცენტი, ადამიანს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად გახდება საკრებულოს წევრი, აქვს სრული ლეგიტიმაცია, იმუშაოს საკრებულოში და დეპუტატის ფუნქციები შეასრულოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციონერ ბექა ლილუაშვილს უპასუხა, რომელმაც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შესაძლო გაუქმებაზე დღეს კომენტარი გააკეთა.

„ერთი რიტორიკული შეკითხვა უნდა დაისვას და ჩვენ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი და მარტივი პასუხი ექნება ამ შეკითხვაზე. თქვენ ამტკიცებთ, რომ 40%-ზე დაბალი მაჩვენებლით საკრებულოში შესულ დეპუტატებს არ აქვთ ლეგიტიმაცია, რომ იმუშაონ? ამის მტკიცება ხომ წარმოუდგენელია. 40% ექნება, 42 თუ 37, ადამიანი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად გახდება საკრებულოს წევრი, მას აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ იმუშაოს საკრებულოში და საკრებულოს დეპუტატის ფუნქციები შეასრულოს. ეს ერთი; მეორე, რაც შეეხება კონკურენციას, პრაქტიკაში არანაირი ლეგიტიმაციის პრობლემა არ გამოკვეთილა რეალურად. ანუ ამაზე ჰიპოთეტური მსჯელობა და სიგნალიზაციის ჩართვა, რომ თითქოს რაღაც სტანდარტი უარესდება, მგონია, რომ მოკლებულია რეალურ საფუძველს. კონკურენცია დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში.

მაჟორიტარული სისტემა საერთოდ გავაუქმეთ და მაგაზე არ გქონიათ პრეტენზიები, პირიქით, და ახლა ამბობთ, რომ მაჟორიტარს, ისიც საკრებულოში, თუ 40%-ზე მაღალი მხარდაჭერით არ აირჩევს საზოგადოება, იმას ლეგიტიმაცია დააკლდება და მუშაობას ვერ შეძლებს? ეს ხომ უბრალოდ არალოგიკურია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

„რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რომელიც დელეგატებს უკავშირდება. თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, როდესაც ეს ცვლილებები შედიოდა საარჩევნო კოდექსში, მაშინ ყველა პოლიტიკური პარტია უკლებლივ, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც, თვითონ საუბრობდნენ, რომ ჩვენ მოგვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმგვარად, რომ ყველა საარჩევნო ოლქში ვნახოთ და შევარჩიოთ ის ადამიანები, ვინც იცნობს ადგილზე საზოგადოებას, ვინც იცნობს კონტექსტს და პრობლემებს. ბუნებრივია, თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ სიაში შეყვანილმა ყველა პოლიტიკოსმა ყველა ოლქში ერთად ჩაატაროს კამპანია. რა თქმა უნდა, ლოგიკურადაც მასე მოხდება და მასე მოხდებოდა. ყველა პარტია გაანაწილებს თავის პოლიტიკურ ლიდერებს და რესურსს კონკრეტული გეოგრაფიების მიხედვით, რაც ისედაც მოხდებოდა რეალურ ცხოვრებაში, უბრალოდ „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი სახელისუფლო ძალა, ამას ვარქმევთ თავის სახელს, რომ არ მოვატყუოთ ჩვენი საზოგადოება და არ შევიყვანოთ შეცდომაში.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მიცემული პირობა სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირად არ იცვლება. იოტისოდენა ცვლილებაც კი არ შედის ამ პრინციპში. არჩევნები 2024 წელს ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და პრაქტიკაში რაც უნდა მომხდარიყო, იმას ვარქმევთ ჩვენ სახელს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და იცოდეს რეალურად, როგორ ჩატარდება კამპანია. დღეს გთხოვთ, რომ თქვენი სიტყვები დაიმახსოვროთ, ვინც აკრიტიკებთ ამ ინიციატივას. აი, კამპანია რომ დაიწყება, ყველას შეგახსენებთ მერე თქვენს კომენტარებს და კრიტიკას, რომელიც დღეს გამოთქვით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.