არჩილ თალაკვაძე - მომდევნო კვირაში უზრუნველვყოფთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიეცეთ შესაძლებლობა, საქმესთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრონ
არჩილ თალაკვაძე - მომდევნო კვირაში უზრუნველვყოფთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიეცეთ შესაძლებლობა, საქმესთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრონ

მომდევნო კვირაში უზრუნველვყოფთ, რომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიეცეთ შესაძლებლობა, საქმესთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკი“ აგრძელებს საქმიანობას და არანაირი საფრთხე და წინააღმდეგობა ბანკს ამ ეტაპზე არ აქვს.

„პროკურატურა ვალდებულია, რომ იმ საქმეებზე, რაზეც მაღალი ინტერესია, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია. ამას აკეთებდა ყოველთვის სხვა საქმეებზე და დღეს ჩვენ ვნახეთ ბრიფინგი. დიდი იმედი მაქვს, ეს პრაქტიკა გაგრძელდება.

რაც შეეხება საკომიტეტო მოსმენას, იცით, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იყო მოსული სამი ბანკირი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი ბანკის“ აქციონერები. სამწუხაროდ, იმ ფონით, რომელიც შექმნა ოპოზიციამ, არ მიეცა კომიტეტის თავმჯდომარეს იმის შესაძლებლობა, სიტყვა მიეცა „თიბისი ბანკის“ აქციონერებისთვის. თუმცა ჩვენ ამ პირობას დავიცავთ და მომდევნო კვირაში უზრუნველვყოფთ იმას, რომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს, ბატონ ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მიეცეთ შესაძლებლობა, საქმესთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრონ კომიტეტის წინაშე.

რაც შეეხება „თიბისი ბანკს“ და ეროვნულ ბანკს, კარგია, რომ ეს საქმე რეალურად მათ შორის არის ამოწურული და ის შეთანხმება მიღწეულია – „თიბისი ბანკი“ აგრძელებს საქმიანობას და არანაირი საფრთხე და წინააღმდეგობა ბანკს არ აქვს. აქციებიც, რამდენადაც ვიცი, საფონდო ბირჟაზე გაიზარდა. შესაბამისად, ბანკის სტაბილურობას და მის საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ყურადღებას აუცილებლად მივადევნებთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები წარადგინა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ „თიბისიმ“ „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი ემ“-ზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიანიჭა, ბანკი ამ კომპანიების დაკრედიტებას მაინც განაგრძობდა.