მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს შორის რამდენზე შეიძლება იყოს სიცოცხლის მრავალგვარი ფორმა? შესაძლოა, მეცნიერებს ამ საკითხის სრულიად ახლებურად გააზრება მოუხდეთ.
ახალი კვლევის ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფმა დაადგინა, რომ უმეტეს პლანეტათა ატმოსფეროში არსებული ტოქსიკური აირების გამო, ისინი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისათვის არახელსაყრელია.
ტრადიციულად, არამიწიერი სიცოცხლის ზონა ფოკუსირებულია ე. წ. სასიცოცხლო ზონაზე. ეს გახლავთ რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ იქ არსებულ პლანეტებზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა. ასეთი განმარტება კარგად ერგება საბაზისო, ერთუჯრედიან მიკრობთა არსებობას, მაგრამ არა უფრო კომპლექსურ ქმნილებებს, მაგალითად, ცხოველებს — უმარტივესი ზღვის ღრუბლებიდან დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული.
როგორც კვლევამ უჩვენა, ტოქსიკური აირების გარკვეული დონე სიცოცხლისათვის უსაფრთხო ზონას სულ მცირე ანახევრებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად სპობს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ტიმოთი ლიონსის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფიზიოლოგიური ლიმიტები მხედველობაში მიიღეს მთელ სამყაროში კომპლექსური სიცოცხლის გავრცელების პროგნოზისთვის.
„წარმოიდგინეთ, რომ სასიცოცხლო ზონა კომპლექსური სიცოცხლისთვის წარმოადგენს უსაფრთხო ზონას, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს დედამიწის მსგავსი მდიდარი ეკოსისტემის არსებობა. როგორც ჩვენი კვლევა მიუთითებს, ჩვენის მსგავსი კომპლექსური ეკოსისტემის არსებობა შეუძლებელია ტრადიციულად განსაზღვრულ სასიცოცხლო ზონათა უმეტეს ნაწილში“, — განმარტავს ლიონსი.
სხვადასხვა პლანეტებზე ატმოსფერული კლიმატისა და ფოტოქიმიის შესასწავლად, მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს. პირველ რიგში მათ მხედველობაში მიიღეს ნახშირორჟანგი. ნებისმიერმა მყვინთავმა იცის, რომ სხეულში ამ გაზის დიდი ოდენობა მომაკვდინებელია. თუმცა, დედავარსკვლავისგან საკმაოდ შორს არსებულ პლანეტებს ნახშირორჟანგი ნამდვილად სჭირდებათ — სათბურის აირი, რათა ტემპერატურა ნულს ზემოთ შეინარჩუნონ. ასეა დედამიწაც.
კვლევის ავტორის, ედუარდ შვაიტერმენის განცხადებით, ჩვეულებრივი სასიცოცხლო ზონის კიდეზე თხევადი წყლის შესანარჩუნებლად პლანეტას იმაზე ათობით ათასჯერ მეტი ნახშირორჟანგი სჭირდება, ვიდრე ის დღეს დედამიწაზეა. დედამიწის შემთხვევაში ეს ოდენობა კი წარმოუდგენლად ტოქსიკური იქნება ადამიანებისა და ცხოველებისათვის.
ახალი კვლევა ასკვნის, რომ თუნდაც მხოლოდ ნახშირორჟანგის ტოქსიკურობა, ტრადიციულ სასიცოცხლო ზონებში თითქმის ნახევრამდე ამცირებს მარტივი ცხოველური სიცოცხლის შანსებს. ადამიანებისა და სხვა მაღალი წესრიგის ცხოველებისათვის, რომლებიც უფრო მგრძნობიარენი არიან, ამ ზონაში უსაფრხო ზონა სამჯერ მცირდება.
გარდა ამისა, გარკვეულ ვარსკვლავებთან უსაფრთხო ზონა საერთოდ არ არსებობს, მათ შორის არის მზის ორი ცნობილი მეზობელი — პროქსიმა კენტავრი და TRAPPIST-1. ამ ცივ, მკრთალ ვარსკვლავთა მიერ გამოყოფილი ულტრაიისფერი რადიაციის ტიპსა და ინტენსიურობას შეუძლია მოახდინოს კიდევ ერთი მომაკვდინებელი აირის — ნახშირბადის მონოქსიდის (ნახშირჟანგი) მაღალი კონცენტრირება. ნახშირჟანგი ცხოველის სისხლში აჩერებს ჰემოგლობინს — ნაერთს, რომელსაც ორგანიზმში ჟანგბადი გადააქვს. ორგანიზმის უჯრედების სიკვდილი ამ აირის მცირე ოდენობასაც კი შეუძლია, რა თქმა უნდა, ჟანგბადის ნაკლულობის გამო.
ნახშირჟანგის აკუმულირება დედამიწაზე შეუძლებელია, რადგან ჩვენი ცხელი, კაშკაშა მზე ატმოსფეროში წარმართავს ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც მას სწრაფად შლის. მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დაასკვნა, რომ მიკრობულ ბიოსფეროს არსებიბა შეუძლია ნახშირჟანგით მდიდარი პლანეტის ზედაპირზე, მაგრამ შვაიტერმენი ხაზს უსვამს, რომ ასეთი პლანეტა ნამდვილად არ იქნებოდა კარგი ადგილი დედამიწაზე არსებულის მსგავსი ცხოველური სიცოცხლისათვის.
მზის მიღმა არსებულ ვარსკვლავთა გარშემო მეცნიერებს ამჟამად აღმოჩენილი აქვთ დაახლოებით 4000 ეგზოპლანეტა, მაგრამ რომელიმე მათგანზე გამგზავრება შეუძლებელია. ისინი უბრალოდ წარმოუდგენლად შორსაა. მათგან უახლოესია პროქსიმა კენტავრი b, რომლამდე მისაღწევადაც თანამედროვე ხომალდს 54 000 წელი დასჭირდება. ამ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში გარკვეულ აირთა დაფიქსირების ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) გზაა ტელესკოპების გამოყენება.
კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, კრისტოფერ რაინჰარდის თქმით, მათი კვლევა ამარტივებს იმ პლანეტათა შერჩევის გზას, რომლებზეც ღირს უფრო დეტალური დაკვირვებები.
ჯგუფის აღმოჩენები მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპების მშენებლობისათვის. მაგალითად, ჟანგბადი დედამიწაზე სიცოცხლისთვის გადამწყვეტი ელემენტია და მისი დაფიქსირება შესაძლებელია დისტანციურად; ამიტომ, წინა კვლევების ფარგლებში ჯგუფი სწავლობდა, რამდენად შეიძლება იყოს წარმოდგენილი ეს აირი ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებში.
დედამიწის გარდა, მზის სისტემაში არც ერთ პლანეტაზე არ არსებობს სიცოცხლე, რომლის დახასიათებაც შორიდან იქნება შესაძლებელი. შვაიტერმანის განმარტებით, თუკი მზის სისტემაში სადმე სიცოცხლე არსებობს, ის კლდოვანი ან ყინულოვანი ზედაპირის სიღრმეში იქნება ჩამარხული. გამომდინარე აქედან, ჩვენნაირი სიცოცხლის პოვნის ერთადერთ იმედად სწორედ ეგზოპლანეტები რჩება.
„ვფიქრობ, იმის ჩვენება, თუ რამდენად იშვიათი და განსაკუთრებულია ჩვენი პლანეტა, მხოლოდ და მხოლოდ გვაიძულებს მის მეტად მოფრთხილებას. როგორც ამჟამად ცნობილია, დედამიწა ერთადერთი ადგილია უკიდეგანო სამყაროში, სადაც ადამიანებს არსებობა შეუძლიათ“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი ედუარდ შვაიტერმენი.
მომზადებულია ucr.edu-ს მიხედვით.