ნასა არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ახალ ეტაპზე გადადის
ნასა არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ახალ ეტაპზე გადადის

კითხვა „ვართ თუ არა მარტო?“ უკვე საუკუნეებია, კამათის საგანია. პასუხი შესაძლოა, მეცნიერებამ მალე იპოვოს.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევებმა მეცნიერები ღრმად ჩაახედა თავად სიცოცხლის ბუნებაში — რა არის ის, როგორ აღმოცენდა დედამიწაზე და როგორ შეიძლება, რომ სხვა პლანეტებიც იყოს მისთვის ხელსაყრელი. ფოკუსმა ახლა სწორედ მის პოვნაზე გადაინაცვლა, რადგან მეცნიერები აცნობიერებენ, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენის შესაძლებლობა უკვე ჰორიზონტზე გამოჩნდა.

არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენისთვის ნასას მიერ გაწეული ძალისხმევის მხარდასაჭერად, სილიკონის ველზე არსებულმა ნასას ეიმსის კვლევითმა ცენტრმა დააფუძნა „სიცოცხლის დაფიქსირების ცენტრი“. დაწესებულება აერთიანებს ეიმსისა და ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მკვლევრებს, რომლებიც თანხმდებიან იმ შემდეგ გამოწვევებზე, რომლებიც მეცნიერებამ არამიწიერი სიცოცხლის აღმოსაჩენად უნდა დაძლიოს.

„ახლა უკვე ხელთ გვაქვს სამეცნიერო და საინჟინრო გამოცდილება, რათა ამ შეკითხვას პასუხი გავცეთ სამეცნიერო მტკიცებულებათა სიზუსტით. გარდა ამისა, გყვავს მეცნიერთა დიდებული საზოგადოება, რომელიც ამ დიადი გამოწვევის მისაღებად მზადაა“, — ამბობს ცენტრის უფროსი მკვლევარი ტორი ჰოჰლერი.

ცენტრის ჩამოყალიბება ასტრობიოლოგიის დარგის კრიტიკულ მომენტს ემთხვევა. ასტრობიოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს სიცოცხლის წარმოშობასა და მის პოტენციალს სამყაროში. აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბოლო მოხსენების მიხედვით, ინჟინრებმა და მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ნასამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ისეთი ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებიც სამომავლო მისიების ფარგლებში შეძლებენ სიცოცხლის დაფიქსირებას დედამიწის მიღმა. მოხსენება, რომლის მიზანიც არის ნასას დახმარება მომდევნო 20 წლის სამეცნიერო სტრატეგიისა და კვლევის მიზნების შემუშავებაში, ასევე ავალებს სააგენტოს, რომ კოსმოსურ მისიათა შესაძლებელობების გასაზრდელად ითანამშრომლოს ტრადიციული კოსმოსური მეცნიერების გარეთ მოღვაწე მკვლევრებთანაც.

ცენტრმა დააფუძნა მკვლევართა ახალი კონსორციუმი, რომელშიც შედიან ფიზიკურ მეცნიერებათა, ბიოლოგიის, ასტროფიზიკის და სხვა დარგის მკვლევრები აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

„აგნოსტიკური ბიოხელწერების ლაბორტორია“ გამოიკვლევს, როგორ უნდა ამოვიცნოთ სიცოცხლის ჩვენთვის უცნობი ფორმები. ამ ჯგუფს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი სარა სტიუარტ ჯონსონი უხელმძღვანელებს და მოსამზადებელ სამუშაოს გასწევს სიცოცხლის ისეთი ფორმების ბიოხელწერათა დასაფიქსირებლად, რომლებიც დედამიწაზე არსებულისგან ძალიან განსხვავდებიან. ჯგუფის ბიოქიმიკოსები შექმნიან ეგზოტიკურ ბიომოლეკულებს.

ჯგუფი სახელად „ოკანეები დროსა და სივრცეში“ შეისწავლის წარსული ან ამჟამინდელი სიცოცხლის შესაძლებლობებს მზის სისტემის გარე ნაწილის ყინულოვანი მთვარეების ოკეანეებში, ისევე როგორც მარსზე. ჯგუფი გამოიკვლევს წყლოვანი სისტემების გარემოს, რადგან სწორედ ეს ფაქტორი აკონტროლებს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობას; ამის წყალობით განსაზღვრავს შესაძლო ბიოლოგიურ აქტივობებს ამ სისტემებში.

„სიცოცხლის დაფიქსირების ცენტრი“ პროგნოზირებს, რომ უახლოეს წლებში მათ მკვლევართა მრავალი ჯგუფი შეუერთდება მთელი მსოფლიოდან, რათა ერთობლივად ეძებონ სიცოცხლე დედამიწის მიღმა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.