აპრილში უიშვიათესი პლანეტური განლაგება მოხდება — როგორ დავინახოთ #1tvმეცნიერება
მზის სისტემის პლანეტების სწორ ხაზზე განლაგებულად დანახვა, ცაში ყურების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოცდილებაა. ამ თვეში, შეიძლება ამის საკუთარი თვალით ხილვის შანსი მოგეცეთ.
აპრილის შუა რიცხვებიდან, ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, მზის ამოსვლამდე შეძლებთ დაინახოთ თითქმის იდეალურად ერთ ხაზზე განლაგებული სატურნი, მარსი, ვენერა და იუპიტერი.
განლაგება დაახლოებით 17 აპრილს დაიწყება, მაგრამ ყველაზე უკეთ გამოჩნდება 20 აპრილის დილას, აღმოსავლეთის მიმართულებით.
თუ გარემო პირობებმა ხელი შეგიწყოთ, ჰორიზონტზე დაინახავთ მწკრივში განლაგებულ ოთხივე პლანეტას, მაგრამ ჰორიზონტთან უფრო სიახლოვის გამო, მწკრივში შედარებით რთულად გამოჩნდება იუპიტერი.
ცაზე დაკვირვების მოყვარულებმა შეიძლება უკვე იცით, რომ სატურნმა, მარსმა და ვენერამ ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა მარტის ბოლოდან დაიწყეს, მაგრამ ამ სამეულს აპრილის შუა რიცხვებში იუპიტერიც შეუერთდება.
23 აპრილს განლაგება უფრო სანახაობრივი გახდება, რადგან პლანეტათა მწკრივს მარჯვნიდან მთვარეც შეუერთდება.
რა თქმა უნდა, ასეთი სანახაობა მხოლოდ დედამიწის გადმოსახედიდან იქმნება და კოსმოსის სხვადასხვა ადგილიდან თითოეული პლანეტის მდებარეობა სრულიად სხვადასხვაგვარია.
მზის სისტემა ბრტყელია; თითოეული პლანეტა მზის გარშემო ერთსა და იმავე სიბრტყეში მოძრაობს და შესაბამისად, ჩვენ მიერ დანახული ნებისმიერი ასეთი განლაგება განპირობებულია დაკვირვების ადგილითა და დროით.
მიუხედავად ამისა, პლანეტური განლაგებები ამაღელვებელი სანახავია და თანაც, ასეთი რამ არც ისე ხშირად ხდება; ყოველ შემთხვევაში, ისეთი განლაგება, რომელშიც ასე ბევრი პლანეტაა ჩართული.
აპრილის განლაგება ერთ-ერთი იშვიათი სანახაობა იქნება, მაგრამ სინამდვილეში, ის მხოლოდ სამზადისია უფრო წარმოუდგენლად საოცარი განლაგებისა, რომელიც ამ წლის ივნისში მოხდება.
24 ივნისს, მზის სისტემის ყველა პლანეტა — მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და ურანი კიდევ უფრო დიდ პლანეტურ განლაგებას შემოგვთავაზებენ, მაგრამ სავარაუდოდ, ნეპტუნისა და ურანის დასანახად ბინოკლი ან ტელესკოპი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, განლაგება ცაში საკმაოდ დიდ მონაკვეთს დაიკავებს, რაც გაართულებს მის გადაღებას.
მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ადამიანის თავლისთვის ხილული ასეთი დიდი პლანეტური განლაგებები ძალიან იშვიათია და 2005 წლის შემდეგ მხოლოდ სამჯერ მოხდა. შესაბამისად, არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.