ანტარქტიდის ქვეშ მილიონი წლის ყინულის ბირთვი აღმოაჩინეს
ანტარქტიდის ქვეშ მილიონი წლის ყინულის ბირთვი აღმოაჩინეს

დედამიწის ისტორია არა მელნით, არამედ სხვადასხვა ადგილებში ჩამარხული უძველესი ყინულით არის ნაწერი.

თუკი ამ ყინულებს შუაგულს გამოაცლით, ისწავლით თითქმის ყველაფერს. მაგალითად, გაიგებთ, როგორ გაავლო მუსრი მჭედლებს შავმა ჭირმა, შეიტყობთ რომის იმპერიის აღზევებისა და დაცემის შესახებ, ცნობებს მიიღებთ ჩვენი პლანეტის მიერ ჟანგბადის დაკარგვის შესახებაც კი.

მეცნიერთა განცხადებით, ახლახან იპოვეს ყინულის ბირთვი (ე. წ. კერნი), რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ყველა სხვა „გაყინული ისტორიის გაკვეთილისგან“.

ამ დრომდე, ჩვენთვის ცნობილი უძველესი ასეთი ბირთვად ითვლებოდა 800 000 წლის წინანდელი ურღვევი ყინული, რომელში ჩაჭედილი ქიმიური ნივთიერებებიც იმ დროინდელი ატმოსფერული და გარემო პირობების შესახებ გვიყვება, როცა ყინული წარმოიქმნა.

ეს ბირთვი აღმოჩენილია ანტარქტიდაზე, გუმბათი C-ის სახელით ცნობილ ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი 800 000 წელია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მას ბევრად უფრო ადრინდელი ცნობების მოცემაც შეუძლია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლარული გეოლოგის, ლაურა კეჰრლის განცხადებით, მათი ჯგუფის ძლიერი სურვილი უფრო ძველი ყინულის ბირთვების პოვნა იყო, რათა უკეთესად გაეგოთ, თუ რა წარმართავს კლიმატის ბუნებრივ ცვლილებას. ამ მიზნით, ისინი ყინულებს ანტარქტიდაზე, ალენის ბორცვების სიღრმეებში იკვლევდნენ.


ალენის ბორცვები მეცნიერთა ინტერესის საგანი 1970-იან წლებში გახდა, როცა იქ დედამიწაზე ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოცვენილი მთვარის და მარსისეული მეტეორიტების აღმოჩენა დაიწყეს.

კეჰრლის განცხადებით, ამჯერად იქ უძველესი ყინული აღმოაჩინეს.

ალენის ბორცვები ტრანსანტარქტიკული მთების რეგიონშია მოქცეული. დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ამ მასივის ციცაბო, არათანაბარი ტოპოგრაფია ზედმეტად არასტაბილური იყო, რათა მის სიღრმეებში ამ სახის უძველესი ყინულები ყოფილიყო.

ასე ფიქრობდნენ სულ მცირე, შარშანდლამდე, როცა პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ალენის ბორცვების ქვეშ 2,7 მილიონი წლის ასაკის ყინულის იზოლირებული ფრაგმენტი იპოვეს.

სამწუხაროდ, გატეხილი ფრაგმენტი მოშორებულია დანარჩენ მასას და გარკვეულწილად შეზღუდულია იმ ცნობათა ოდენობა, რაც მას დედამიწის უძველესი გარემოს შესახებ შეუძლია გვითხრას.


კვლევისათვის, კეჰრლმა და მისმა ჯგუფმა ალენის ბორცვებზე, ზღვის დონიდან 1950 მ სიმაღლეზე ბანაკი მოაწყო და სპეციალური რადარით დაკვირვებებს შეუდგა.

რადარის სიგნალებმა ზედაპირქვეშ დამალულ ყინულის ფენებში გამოავლინა სხვადასხვაობები როგორც ქიმიური შემადგენლობის, ისე სიმკვრივის მხრივ.

ამ მეთოდისა და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, ჯგუფმა ალენის ბორცვების ქვეშ იპოვა ადგილი, სადაც სავარაუდოდ, მილიონი წლის ყინული იმალება. ეს ადგილი 5 კილომეტრითაა დაშორებული იმ ზონას, სადაც 2,7 მილიონი წლის წინანდელი ყინულის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

მკვლევართა ჯგუფი ამჟამად გაბურღვისთვის საჭირო ნებართვას ელოდება. შედეგად, ალბათ ძალიან ბევრ ახალ, უპრეცედენტო ცნობას შევიტყობთ დედამიწის წარსულის შესახებ.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია washington.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით