ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინთა აქამდე უცნობი კოლონიები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინთა აქამდე უცნობი კოლონიები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ანტარქტიდისთვის გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებზე მეცნიერებმა შენიშნეს საიმპერატორო პინგვინების კოლონიები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ.

ყინულოვანი კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ ადგილებში აღმოჩენილია რვა სრულიად ახალი კოლონია; ასევე იდენტიფიცირებულია სამი დამატებითი კოლონია.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია დედამიწის ამ უდიდეს პინგვინთა (Aptenodytes forsteri) 61 კოლონია, ანუ აქამდე ცნობილზე 20 პროცენტით მეტი.

რა თქმა უნდა, კარგი ამბავია, მაგრამ მალავს ერთ სამწუხარო რეალობასაც — ამ პოპულაციებს თანდათან გაქრობად ჰაბიტატში უწევთ ბინადრობა. ახალ კოლონიათა უმეტესობა უკვე იმდენად დაპატარავებულია, რომ მეცნიერებს მრავალი მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული ფოტო დასჭირდათ რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მართლაც მათ ფეკალიებს (გუანოს) აკვირდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენამ საიმპერატორო პინგვინთა მთლიანი პოპულაცია მხოლოდ 10 პროცენტით გაზარდა.

მრავალი კოლონია ჰაბიტატის დაკარგვის წინაშეა, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებაა.

როგორც ბოლო მოდელირება მიუთითებს, თუ კლიმატის ცვლილება ასეთი ხასიათით გაგრძელდა, ახლად გამოვლენილი კოლონიის ყოველი პინგვინი საუკუნის ბოლოსთვის უკვე გადაშენებული იქნება.

„მართალია, ახალი კოლონიების პოვნა ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ გამრავლების ეს ყველა ტერიტორია იმ ადგილებშია, რომლებზეც ახალმა მოდელირებმა მიუთითა, რომ იქ საიმპერატორო კოლონიები შემცირდება“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროექტის (BAS) კონსერვაციის ბიოლოგი ფილ ტრათანი.

პინგვინთა საზოგადოების ზომას პირდაპირი გავლენა აქვს მათ გადარჩენაზე. საიმპერატორო პინგვინები კოლონიებში ერთმანეთს იცავენ ცივი ქარებისა და ჰიპოთერმიისგან. შესაბამისად, ზომის შემცირებისას კოლონია რისკის ქვეშ დგება, განსაკუთრებით კვერცხების გამოჩეკვის დროს, როდესაც ტემპერატურა -40 გრადუსზე დაბლა ეცემა.

ყოველ წელს, საიმპერატორო პინგვინები გამრავლებისათვის ზუსტად იმავე ადგილას ბრუნდებიან და დაცვის მიზნით, გროვებად ერთიანდებიან.

კვერცხის დასადებად, გამოსაჩეკად და წიწილების გასაზრდელად, საიმპერატორო პინგვინებს ესაჭიროებათ სტაბილური ყინული, რომელიც დაახლოებით ცხრა თვის მანძილზე სძლებს. თუმცა, ტემპერატურის ზრდა და ყინულის დნობა პინგვინებსა და მათ წიწილებს საზარელ სიტუაციაში აგდებს.

გამრავლების კრახს საბოლოოდ სახეობის გადაშენებასთან მივყავართ. ზოგიერთი კოლონიისათვის, ასეთი ძვირფასი ადგილების დაკარგვა უკვე აღმოჩნდა წარმოუდგენლად გამანადგურებელი.

მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, არის თუ არა ახლად აღმოჩენილი კოლონიების ყველა ადგილი გამრავლების ზონა, მაგრამ კოსმოსური ფოტოებიან მიღებული მონაცემები სწორედ ამაზე მიუთითებს.

ამ დრომდე ჩატარებულ კვლევათა უმეტესობის თანახმად, სათბურის აირების ამჟამინდელი მაჩვენებლით გამოყოფის გაგრძელების შემთვევაში, ანტარქტიკული ზღვის ყინული განახევრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2100 წლისთვის დაიკარგება საიმპერატორო პინგვინთა პოპულაციის უზარმაზარი ნაწილი.

შარშანდელი კვლევის შედეგების მიხედვით, საიმპერატორო პინგვინების ამჟამად ცნობილი ყველა კოლონიის 80 პროცენტი საუკუნის ბოლოსთვის 90 პროცენტით შემცირდება.

ასეთი ულმობელი მომავლის წინაშე მხოლოდ საიმპერატორო პინგვინები როდი დგანან. ცნობილია, რომ ექსტრემალური კლიმატური ანომალიების გამო, გროვებად იხოცებიან ადელის პინგვინები.

კვლევა ჟურნალ Remote Sensing in Ecology and Conservation-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bas.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.