Amnesty International-ი საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას შესაძლო ომის დანაშაულში სდებს ბრალს
Amnesty International-ი საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას შესაძლო ომის დანაშაულში სდებს ბრალს

ორგანიზაცია Amnesty International-ი სირიის ქალაქ რაყაში ჩატარებული ოპერაციის დროს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას ადამიანთა უფლებების უგულებელყოფასა და შესაძლო ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

უფლებადამცველების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული შტურმის დროს აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებულმა საერთაშორისო კოალიციამ 30 000 საარტილერიო ჭურვი გამოიყენა.

ინტენსიურმა თავდასხმებმა ქალაქის 90 %-ის განადგურება და მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

„ჩვენ ვერ ვხედავთ გონიერ ახსნას იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია საერთაშორისო კოალიციას მოგვაწოდოს ინფორმაცია სამიზნე ობიექტებზე. ისინი მიიჩნევენ, რომ თავდასხმები საერთაშორისო სამართალს არ არღვევს. თუ ეს მართლა ასეა, დასამალიც არაფერი აქვთ. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალობას. გამოძიების საბოლოო შედეგების შემდეგ დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს“, – განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ბენჟამინ უოლსბიმ.

Amnesty International-ის წარმომადგენლები სირიის ქალაქ რაყას 2018 წლის თებერვალში ეწვივნენ. მათ 42 დაბომბილი ადგილი მოინახულეს და 200-მდე თვითმხილველს გაესაუბრნენ.

ანგარიშის ავტორები კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას. დოკუმენტში განმარტებულია: მიუხედავად იმისა, რომ შტურმის გადამწყვეტ ფაზაში კოალიციამ მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორი არ გააკეთა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დიდმა ნაწილმა ქალაქის დატოვება მაინც მოახერხა.

სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ რაყაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია 2017 წლის 6 ივნისს დაიწყო. ოთხთვიან სახმელეთო და საჰაერო საომარ მოქმედებებს, ოფიციალური მონაცემებით, ორი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რაყა დღემდე სახიფათო ადგილად რჩება, რადგან ოპერაციის დასრულების შემდეგ ქალაქში ტერორისტების მიერ დამონტაჟებული შესაძლო ბომბები დღემდე არ შეუმოწმებიათ. ამასთან, რაყაში დღემდე არ არის სასმელი წყალი და ელექტროენერგია. ასევე არ ფუნქციონირებს სკოლები და საავადმყოფოები.