სირიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ერაყიდან, სულ მცირე, ხუთი რაკეტა გაუშვეს
სირიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ერაყიდან, სულ მცირე, ხუთი რაკეტა გაუშვეს

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ერაყიდან, სულ მცირე, ხუთი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამშვები დანადგარი მცირე ზომის სატვირთო მანქანაზე იყო დამაგრებული, რომელიც განთავსებული იყო სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ზუმარში.

როგორც „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სატვირთო მანქანას ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი რაკეტა გაშვებამდე აფეთქდა, თუმცა ამის პარალელურად ცაზე სამხედრო ვერტმფრენები შეინიშნებოდა.

„ვიდრე არ გამოვიძიებთ, მანამდე ჩვენ არ შეგვიძლია, დავადასტუროთ, დაიბომბა თუ არა სატვირთო მანქანა აშშ-ის ვერტმფრენების მიერ“, – უთხრა წყარომ „როიტერს“.

ერაყის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ სირიის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, ხოლო დამნაშავეების პოვნის შემთხვევაში, ისინი პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. უსაფრთხოების ძალებში ასევე ადასტურებენ, რომ სატვირთო მანქანა საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა.

ჯერ კიდევ გასულ კვირას ერაყის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შია ალ-სუდანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა ჯო ბაიდენთან. Აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყის პრემიერს თეთრ სახლში უმასპინძლა.