გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულ გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა
ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძელებას უჭერს მხარს.
ერთი წლის წინ ჩატარებულ კვლევაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გამოკითხულთა 59% ემხრობოდა.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ განსაკუთრებით მკვეთრად ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერები გამოდიან. კვლევის თანახმად, პარტიის ამომრჩეველთა 88% უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება.
ამასთან, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთი სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე გერმანიის მკაცრი პასუხის მიმართ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია. მაგალითად, ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობის შემდეგ, მაისის დასაწყისში გერმანიამ ბონში რუსეთის საკონსულო დახურა. გამოკითხულთა 51% მსგავს საპასუხო ზომებს მხარს უჭერს, 46% კი უფრო თავშეკავებულ მიდგომას ემხრობა.
ამასთან, კვლევის თანახმად, გერმანიის მოსახლეობაში იზრდება შეშფოთება საერთაშორისო ვითარების გამო. გამოკითხულთა 65% შიშობს, რომ მსოფლიოში ახალი სამხედრო კონფლიქტები დაიწყება. ამასთან, 48% მიიჩნევს, რომ გერმანიამ საერთაშორისო საკითხებში უფრო თავშეკავებული პოზიცია უნდა დაიკავოს. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით ხუთი პუნქტით არის გაზრდილი.
ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 40% ემხრობა გერმანიის უფრო აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო პროცესებში, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 48% იყო.
კვლევის თანახმად, გერმანიის მოსახლეობაში შედარებით ნაკლებ შეშფოთებას იწვევს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი.
კვლევა, „კიორბერის ფონდის“ დაკვეთით, სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, Forsa-მ ჩაატარა. 2026 წლის 15-28 სექტემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით გერმანიაში ხმის მიცემის უფლების მქონე 1 501 მოქალაქე გამოკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარი 2.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.