ვოლოდიმირ ზელენსკი – დონბასიდან უკან დახევა აომის წაგებას ნიშნავს, ვგულისხმობ საკუთარი მიწის ნებაყოფლობით დათმობას
მიმაჩნია, რომ დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს, ნამდვილად ასე ვფიქრობ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აქ არ ვგულისხმობ საბრძოლო მოქმედებების შედეგად იძულებით უკან დახევას, არამედ საკუთარი მიწის ნებაყოფლობით დათმობას. საქმე მხოლოდ ჰექტარებს არ ეხება. უსაფრთხოების როგორი გარანტიებიც არ უნდა შემოგვთავაზონ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საკუთარი ნებით თუ დათმობთ თქვენი სახელმწიფოს ნაწილს, მოგვიანებით, სხვა ტერიტორიების დათმობასაც არ გაიძულებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი თავდაცვის ძალებისა და შეიარაღებული ძალების წყალობით, მტკიცედ უნდა ვიდგეთ, შევინარჩუნოთ პოზიციები და, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობის მისაღწევად. მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი ჩვენს დამორჩილებას ვერ შეძლებენ, რაც ჩვენზე, შეერთებული შტატების სიმტკიცესა და ევროპის ერთიანობაზეა დამოკიდებული, მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე წავლენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რადგან ამჟამად ყოველთვიურად 50 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს. ზელენსკის განცხადებით, ომის გაგრძელება რუსეთს ეკონომიკურ ზარალსაც აყენებს, მათ შორის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროებში.
„ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი უბრალოდ მოგვატყუებენ, თუ ჩვენს ტერიტორიას ერთი გასროლის გარეშეც კი დავთმობთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა 2014 წლის მოვლენები და ყირიმში შექმნილი ვითარება. მისი თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილს სწყინს, როდესაც საუბრობს, რომ მაშინ უკრაინამ ყირიმი ვერ დაიცვა.
„როდესაც ვამბობ, რომ ყირიმი ვერ დავიცავით, ისინი მეუბნებიან: „ჩვენ ვიცავდით, უბრალოდ, ცოტანი ვიყავით“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს უკვე მოხდა – ჩვენ უკან დავიხიეთ და შემდეგ გვირეკავდნენ, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციიდან. რეკავდნენ იმ კაბინეტში, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები, თუმცა მაშინ იქ მე არ ვიჯექი და გვეუბნებოდნენ: „ყირიმში ესკალაცია საჭირო არ არის“. რა მოხდა ამის შემდეგ? შემდეგ ჩვენი სხვა ტერიტორიების ოკუპაცია და დამამცირებელი დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა. ვიცი, რომ ზოგიერთს მინსკის შეთანხმებები მოსწონს, მაგრამ რა უზრუნველყვეს ამ შეთანხმებებმა? – სრულმასშტაბიანი ომის დაწყება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელშიც მკაფიოდ არ არის გაწერილი პირობები და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, ყოველთვის შეიძლება, დაირღვეს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინული საზოგადოება მობილიზებული იყო, რადგან მოსახლეობას ესმოდა, რა სურდა რუსეთს, როგორც მეზობელ სახელმწიფოს.
„მაგრამ რუსეთი თუ პაუზას აიღებს და ორი წლის შემდეგ დაბრუნდება, შევძლებთ თუ არა, ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც ისეთივე მხარდაჭერის მობილიზებას, როგორიც ახლა გვაქვს? ეს არ ნიშნავს, რომ ომის დასრულებისკენ არ უნდა ვისწრაფოდეთ. მოქმედება აუცილებელია – ეს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, თუმცა საკუთარი მიწის, ხალხის დათმობა და უკრაინის სრული დამოუკიდებლობისა და მომავლის რისკის ქვეშ დაყენება, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი იქნებოდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.