„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, – ასეთ განცხადებას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აქვეყნებს.

„ვინაიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ანტისამთავრობო აქცია გრძელდება, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არასაჭირო ძალის გამოყენებისგან. ძალა უნდა იქნას გამოყენებული, თუ არაძალადობრივი ზომები დიდი ალბათობით არაეფექტიანი იქნება და სამართალდამცველები უნდა ეცადონ ზიანისა და ტრავმების მინიმუმამდე დაყვანას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა და ძალის გამოყენების შემთხვევაში, ის უნდა იყოს დემონსტრანტების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის პროპორციული, ხოლო ძალა, რომელიც დიდი ალბათობით ზიანს გამოიწვევს, მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ წერს, რომ თბილისში ანტისამთავრობო პროტესტი 18 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის რეფორმების დაპირების შესრულების მხრივ უკან დაიხია. ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ და განაცხადა, რომ დაიწყებენ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას და არ შეუშვებენ დეპუტატებს შიგნით, ვიდრე მმართველი პარტია დაპირებას არ შეასრულებს და საარჩევნო სისტემის რეფორმას არ დაამტკიცებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ათობით დემონსტრანტმა დეპუტატების პარლამენტში არშეშვების მიზნით შესასვლელების ბლოკირება სულ მცირე ორჯერ სცადა -18 და 26 ნოემბერს და ორივე შემთხვევაში სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცივი ამინდის პირობებში წყლის ჭავლი გამოიყენა. ამას გარდა, უფლებადამცველები 18 და 26 ნოემბერს დაკავებულებისა და დაშავებულების რაოდენობაზეც წერენ.

„ამნეს​ტი ინტერნეიშენალი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ომბუდსმენმაც გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ 18 ნოემბერს დაკავებულთა ადმინისტრაციული პატიმრობა და სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს. ეს შეშფოთება გაიზიარა ბევრმა ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ. გავრცელდა ცნობები, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა ადამიანმა თვალი და თავის ქალის რამდენიმე ძვალი დაიზიანა.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელი, პროპორციული და კანონით გათვალისწინებულია განსაზღვრული მიზნების შეზღუდული რაოდენობის შესასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეკრება, რომელიც საქართველოს პარლამენტის შესასვლელს ბლოკავს, შეიძლება, იქნას დაშლილი, თუ ხელისუფლება ამისთვის მკაფიო საზოგადოებრივ საჭიროებას აჩვენებს და თუ დემონსტრაციამ დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გამოიწვია არსებითი დარღვევა.

„ასეთი შემთხვევები კი არ მომხდარა 18 და 26 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის შენობის შესასვლელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათით ჰქონდათ ბლოკირებული. წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოებრივ შეკრებაში მონაწილე პირებისა ან ჯგუფის შესაკავებლად ან დასაშლელად მკაცრად აუცილებელია და როდესაც ძალადობის დონე აღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც სამართალდამცველებს საფრთხის შეკავება არ შეუძლიათ მხოლოდ მოძალადე პირებზე ფოკუსირებით. უფლებადამცველები აღნიშნავენ იმასაც, რომ წყლის ჭავლის გამოყენების გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა ცივი ამინდი, რამაც შეიძლება, დაამძიმოს ზიანი.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადებაში ასევე მოყვანილია ამონარიდი გაერო-ს სახელმძღვანელოდან, რომლის თანახმადაც, წყლის ჭავლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სერიოზული საზოგადოებრივი არეულობის სიტუაციებში, როდესაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობის, სერიოზული დაზიანებების ან ქონების მასშტაბური განადგურების დიდი ალბათობა არსებობს, ასევე წყლის ჭავლი არ უნდა იყოს მიმართული ადამიანის ან ადამიანის ჯგუფის მიმართ მოკლე მანძილიდან.

ამას გარდა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ინსტრუქციებისთვის შეწინააღმდეგების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების 15 დღემდე ე.წ. ადმინისტრაციული დაპატიმრების პრაქტიკა. ეს არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, თავისუფლების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.