ალექსეი რეზნიკოვი - „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ადეკვატურობა დაკარგა
ალექსეი რეზნიკოვი - „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ადეკვატურობა დაკარგა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ადეკვატურობა დაკარგა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ რეზნიკოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასე გამოეხმაურა „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს, რომელშიც უფლებადამცველები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში განალაგებდნენ.

„ნებისმიერი მცდელობები – კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო უკრაინელების უფლება, თავი დაიცვან გენოციდისგან, დაიცვან სახლი და ოჯახები, დაიცვან საკუთარი სიცოცხლე, დაიცვან ბავშვები, შეეწინააღმდეგონ ტერირისტ- სახელმწიფო რუსეთს – არის გარყვნილება, რაც არ უნდა სამართლებრივ კონსტრუქციებში შენიღბო ეს ქმედება. ნებისმიერი მცდელობა, გაუთანაბრო არაპროვოცირებული რუსული აგრესია და უკრაინის თავდაცვა, როგორც ეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშშია, მეტყველებს ადეკვატურობის დაკარგვაზე და არის ავტორიტეტის დაკარგვის საშუალება“, – წერს რეზნიკოვი.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკიც. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში „აბსურდული და შეურაცხმყოფელია“. ვერეშჩუკის განცხადებით, შესაძლოა, ორგანიზაციამ „არასათანადოდ შეარჩია სიტყვები და აქცენტები, თუმცა ეს განცხადება ჟღერს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფა“.

„ბოლოს და ბოლოს ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ბავშვების მომავლისთვის. ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა არაა საჭირო“, – აცხადებს ვერეშჩუკი.