„ჰუმან რაითს ვოჩი“ და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სააკაშვილის გათავისუფლება სამედიცინო ჩვენებით
„ჰუმან რაითს ვოჩი“ და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სააკაშვილის გათავისუფლება სამედიცინო ჩვენებით

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ჰუმან რაითს ვოჩი“ და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სამედიცინო ჩვენებების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს გადახედონ.

ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი წერილით მიმართავენ.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება, გაუთანაბრდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართულად უარის თქმის შედეგად პატიმრობაში მყოფის სიკვდილი არის სიცოცხლის უკანონო აღკვეთა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ჩვენებით“, – აცხადებს „ამნესთი ინთერნეიშენალის“  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.

უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე და რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს, რისკავს მუდმივი უნარშეზღუდულობით ან მისი ჯანმრთელობისთვის სხვა შეუქცევადი ზიანის მიყენებით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნის 16 თვის განმავლობაში განუვითარდა რიგი სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, სააკაშვილს აღენიშნება ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და გასტროენტეროლოგიური დაავადებები, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და მოითხოვს მკურნალობას, რომელიც საქართველოში მიუწვდომელია.

ამას გარდა, სტატიაში აღნიშნულია, რომ, სახალხო დამცველის ეგიდით მოქმედი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების თანახმად, რომელთაც სააკაშვილი 19 თებერვალს მოინახულეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის დეკემბრის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა და მალე მას ორგანოების დაზიანების შეუქცევადი საფრთხე დაემუქრება.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა სასამართლოებს უფლებამოსილებას ანიჭებს, გაათავისუფლონ მძიმედ ავადმყოფი პატიმრები. თუმცა, ასეთი მოთხოვნები ხშირად უარყოფილია. 6 თებერვალს თბილისის სასამართლომ უარყო დეკემბერში წარდგენილი სააკაშვილის შუამდგომლობა, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე მისი განაჩენის გადავადებასთან დაკავშირებით.

„პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, მაშინ როდესაც განკურნებადი მდგომარეობა ტრაგიკულად ფატალური ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის ჰუმანიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა შეძლოს. მათ უნდა დაიწყონ ისეთი სამკურნალო საშუალებების მიწოდება, რომლებიც უზრუნველყოფენ დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენა არ შეუძლია“, – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჰიუ უილიამსონი.