„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი - ვინც თავს გვესხმის უკრაინის წინააღმდეგ მიკერძოებულობის ბრალდებით, შეამოწმოს ჩვენი მუშაობა, ყველა დაზარალებულის გვერდით ვდგავართ
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი - ვინც თავს გვესხმის უკრაინის წინააღმდეგ მიკერძოებულობის ბრალდებით, შეამოწმოს ჩვენი მუშაობა, ყველა დაზარალებულის გვერდით ვდგავართ

მათ, ვინც თავს გვესხმის უკრაინის წინააღმდეგ მიკერძოებულობის ბრალდებით, მე ვეუბნები: შეამოწმეთ ჩვენი მუშაობა. ჩვენ ყველა დაზარალებულის გვერდით ვდგავართ. მიუკერძოებლად, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა მდივანმა, აგნეს კალამარმა განაცხადა.

ამნესთიმ დაუღალავად მოახდინა რუსეთის აგრესიის, ომის დანაშაულების დოკუმენტირება უკრაინაში: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ტაქტიკაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. მათ, ვინც თავს გვესხმის უკრაინის წინააღმდეგ მიკერძოებულობის ბრალდებით, მე ვეუბნები: შეამოწმეთ ჩვენი მუშაობა. ჩვენ ყველა დაზარალებულის გვერდით ვდგავართ. მიუკერძოებლად. უკრაინული და რუსული სოციალური მედიის ბანდიტები და ტროლები: ისინი დღეს ყველანი უტევენ ამნესთის გამოძიებას. ამას ჰქვია ომის პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ეს არ შეაფერხებს ჩვენს მიუკერძოებლობას და არ შეცვლის ფაქტებს“, – წერს აგნეს კალამარი სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, აგნეს კალამარმა სააგენტო „ფრანს პრესს“ დაუდასტურა, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალი“ სრულად უჭერს მხარს ჩატარებულ გამოძიებას.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის“. ორგანიზაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ასეთი ტაქტიკა წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. ამასთან, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ეს არ აძლევს უფლებას რუსეთს, სარაკეტო დარტყმები მიიტანოს სამოქალაქო ობიექტებზე. „ამნესთი ინთერნეიშენალი“ მოუწოდებს მხარეებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან აიცილონ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში გააკრიტიკა. „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ადეკვატურობა დაკარგა.