„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გამოიძიონ ტატუნაშვილის საქმე და ოჯახს ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გამოიძიონ ტატუნაშვილის საქმე და ოჯახს ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სწრაფად, საფუძვლიანად, მიუკერძოებლად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და ოჯახს ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოუძიებლობა თავისთავად იმეტყველებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას.

„რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ სწრაფად, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ ცხინვალის რეგიონში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ამბავი და უზრუნველყონ ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში დააკავეს. ადგილობრივი ოსური მედიის ცნობით, მას ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობას ედავებოდნენ. როგორც გარდაცვლილის ოჯახმა ქართულ მედიას უთხრა, ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში საკუთარი სახლის მოსანახულებლად იყო ჩასული. იმავე დღეს ტატუნაშვილი პატიმრობაში გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი გარდაცვალება პოლიციასთან დაპირისპირებისას დაცემამ განაპირობა, როცა ის დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ. მათივე თქმით, ტატუნაშვილი შეეცადა მცველისთვის იარაღი წაერთმია, რა დროსაც, ძაიბორძიკა, კიბეზე დავარდა და ფატალური დაზიანებები მიიღო.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოში ტატუნაშვილის ოჯახისთვის მისი ცხედარი ამ დრომდე არ გადაუცია.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონის ფუნდამენტური ნორმაა, რომ არავის აქვს უფლება ძალადობრივად მოსპოს ვინმეს სიცოცხლე.

საერთაშორისო სტანდარტებით, სიკვდილი ნებისმიერი ტიპის პატიმრობაში ყოფნისას უნდა განიხილოს, როგორც წამება და სასტიკი მოპყრობა. ამას უნდა მოჰყვეს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს დაშვება.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოუძიებლობა კი თავისთავად იმეტყველებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას.

საერთაშორისო კანონითა და სტანდარტებით თავიანთი უფლებები აქვთ დაზარალებულთა ოჯახებსაც. მათ უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი, რომელიც გაკვეთის პროცედურას დაესწრება. აუცილებელი საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ კი ცხედარი უნდა გადაეცეს ოჯახს, რათა საშუალება მიეცეთ მათ, საკუთარი რწმენის მიხედვით ჩაატარონ დაკრძალვა“, – აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.