ამერიკის უძველესმა ხალხმა ინდაურები თაყვანისცემისთვის მოიშინაურა და არა საჭმელად - ახალი კვლევა
უძველეს მექსიკაში, ყველაზე ადრე მოშინაურებულ ინდაურებს კულტურული და სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ და მათ სულაც არ იყენებდნენ საკვებად. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
როგორც ირკვევა, მაიას და აცტეკთა ცივილიზაციები ამ ფრინველებს იყენებდნენ რიტუალებში, მსხვერპლშეწირვებში და თავიანთ ღვთაებათა წინაშე ასობით წლის განმავლობაში აღმართვისთვისაც კი.
ძვ. წ. 300 – ახ. წ. 1500 წლების პერიოდის 55 ინდაურის ნაშთების შესწავლისას, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ინდაურების მოშენების ზრდა არ უკავშირდებოდა მოსახლეობის ოდენობის ზრდას, რამაც აფიქრებინა, რომ ამ ფრინველებს საკვებად არ იყენებდნენ.
„ინდაურის ძვლები მესოამერიკაში ძალიან იშვიათადაა აღმოჩენილი საშინაო ნარჩენებში და ჩვენ მიერ შესწავლილ ინდაურთა უმეტესობა შეჭმული არაა“, — ამბობს კვლევის ავტორი იორკის უნივერსიტეტიდან, ორელი მანინი.
„ზოგიერთი მათგანი ტაძრებშია აღმოჩენილი, ზოგიერთიც ადამიანთა საფლავებში ჩამარხული, ალბათ, როგორც სიცოცხლისშემდგომი თანამგზავრები. ეს კი კარგად შეესაბამება იმ ყველაფერს, რაც იმ პერიოდის იკონოგრაფიიდან ვიცით, სადაც ინდაურები გამოსახული არიან როგორც ღმერთები და კალენდრებზე სიმბოლოების სახითაც ჩანან“.
ინდაურთა ძვლებში ნახშირბადის იზოტოპთა პროპორციების გაზომვა მკვლევრებს დაეხმარა აღედგინათ მათი კვების რაციონი და განესაზღვრათ მოშინაურების პერიოდი — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდის დაიწყეს ინდაურებმა საკვების მიღება ადამიანებისგან.
მკვლევართა თქმით, ნაშთებში არსებული გარკვეული ოდენობის გენეტიკური მრავალფეროვნება კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ეს ინდაურები საშინაო მოხმარებისთვის იზრდებოდნენ და არ დახეტიალობდნენ ველურ ბუნებაში, გარეულ ფრინველთა მსგავსად.
როგორც დნმ-ის ანალიზებმა დაამტკიცა, ეს ფრინველები იმ თანამედროვე ევროპულ ინდაურთა წინაპრები იყვნენ, რომლებიც სავაჭრო გემებმა ოკეანისგაღმიდან მოიყვანა.
მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს ინდაურთა ძვლების გავრცელების ადგილები და სხვა არქეოლოგიური სამიზნეები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონტინენტის სავაჭრო გზების გასწვრივ, ინდაურების ბიზნესი ყვაოდა.
„არქეოლოგიური მტკიცებულებები გვთავაზობს, რომ კოლუმბამდელ საზოგადოებაში გაცილებით პოპულარული ყოფილა ირმისა და კურდღლის ხორცი. როგორც ჩანს, ინდაურებს ძალიან დიდი სიმბოლური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდათ“, — ამბობს მანინი.
კიდევ ერთი აღმოჩენა, უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს სცემს: თანამედროვე ინდაურის ბიძაშვილის — კაშკაშად შეფერილი დაწინწკლულთვალებიანი ინდაურის (Meleagris ocellata) ნაშთების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი კვების რაციონი ძირითადად შედგებოდა გარეული მცენარეებისა და მწერებისგან.
თუ რატომ არ იშინაურებდნენ ამ გასაოცარი ფრინველის უფრო მეტ ჯიშებს — არის რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელსაც დამატებითი კვლევები სჭირდება.
თუმცა, ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ ბევრი ვიცით ადამიანებისა და ინდაურების საკმაოდ გრძელი ისტორიის შესახებ მსოფლიოს ამ ნაწილში. 2016 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდაურები მოიშინაურეს როგორც ადგილობრივმა ამერიკელებმა, ისე უძველესი მექსიკის ხალხებმა.
ექსპერტთა ვარაუდით, ინდაურის ბუმბულები გამოიყენებოდა დეკორაციებში, ძვლები კი სხვადასხვა ხელსაწყოთა დასამზადებლად.
ახლა უკვე ნათლად ჩანს ისიც, რომ ინდაური ის ერთ-ერთი პირველი ცხოველი იყო, რომლის მოშინაურებაც ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის მცხოვრებლებმა დაიწყეს, როგორც თაყვანისცემის, ისე ჭამისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში ადამიანები სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ 8000 წლის წინიდან მოყოლებული მისდევენ, პირველი ცხოველი, რომელიც მათ მოიშინაურეს, ინდაური იყო, ძაღლზე ადრეც კი“, — ამბობს კვლევის ბოლო ერთ-ერთი ავტორი, იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი კამილა სპელერი.
„ინდაური მართლაც კარგი არჩევანი უნდა ყოფილიყო მოშინაურებისთვის, რადგან ამ რეგიონში ნამდვილად არ იყო ბევრი სხვა ცხოველი შესაბამისი ხასიათით. საკენკის ძებნაში, ისინი ძალიან ადვილად უნდა მისდგომოდნენ ადამიანთა დასახლებებს“.
კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია york.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით