მექსიკაში, ეკლესიის ქვეშ, უძველესი ხალხის საიდუმლო ლაბირინთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მექსიკაში, ეკლესიის ქვეშ, უძველესი ხალხის საიდუმლო ლაბირინთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

სამხრეთ მექსიკაში, არქეოლოგიურ ძეგლ მილტაზე მუშაობისას, არქეოლოგებმა უცნაური რამ აღმოაჩინეს — ეკლესიის ქვეშ დამალული დერეფნებისა და ოთახების ლაბირინთი, რომელიც საიქიოს „შესასვლელს“ წარმოადგენდა.

ნაგებობები 1000 წელზე მეტი ხნის წინ, საპოტეკების ხალხის მიერ არის აგებული და მათ რელიგიური ტაძრის დანიშნულება ჰქონდა — წარმოადგენდა ე. წ. ლიობაას, რაც „მოსვენების ადგილს“ ნიშნავს. მიწისქვეშა ქსელი ზედაპირიდან 5-8 მეტრის სიღრმეზეა და რამდენიმე სამარხსაც მოიცავს.

მიწისქვეშა სტრუქტურების საპოვნელად, მეცნიერებმა სკანირების მეთოდები გამოიყენეს. მათ შორის იყო გეორადარი, ელექტროტომოგრაფია და სეისმური ხმაურის ტომოგრაფია.

ამ ტექნოლოგიებით მიღებულ მონაცემთა კომბინირების შედეგად, მკვლევართა ჯგუფია მიწისქვეშა ზონის სრულყოფილი რუკა შექმნა. დღეს ამ ადგილას ეკლესიაა, რომელიც იქ მისიონერთა ჩასვლის შემდეგ ააშენეს. ეკლესიის საკურთხეველი მიწისქვეშა ქსელში შესასვლელს მალავს.

ლიობაა სწორედ მისიონერებმა აღწერეს და დალუქეს. დომინიკელთა ორდენის მღვდლის, ფრანსისკო ბურგოას ჩანაწერები, რომლებიც 1674 წლით თარიღდება, აღწერს ამ ადგილას არსებულ მიწისქვეშა ტაძარს, მათ შორის ოთხ გაშლილ, ურთიერთდაკავშირებულ ოთახს, მრავალ გამოქვაბულსა და დერეფანს.

როგორც ჩანს, არქეოლოგებმა სწორედ ამ კომპლექსს მიაგნეს. საპოტეკების ხალხს მტკიცედ სჯეროდა საიქიოსი, ადიდებდა მრავალ ღვთაებას და აქტიურად ასრულებდნენ რიტუალებს, მათ შორის, ვინმეს გარდაცვალებისას.

ტაძარი მე-15 საუკუნის ბოლომდე უნდა ყოფილიყო მოქმედი, ვიდრე ამ რეგიონში ჯერ აცტეკები, შემდეგ კი ესპანელები გამოჩნდებოდნენ. 3D ვიზუალიზაციის უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, მიწისქვეშა ქსელმა კიდევ ერთხელ იხილა დღის სინათლე.

აღსანიშნავია, რომ ეს „პროექტ ლიობაას“ ჯერ მხოლოდ პირველი სეზონია. კვლევები და სკანირებები ამ ზონაში მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მკვლევართა ჯგუფი 15 კაცისგან შედგება, რომლებიც მრავალი სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლები არიან.

მკვლევრებმა ასევე მიაგნეს უფრო მეტ მტკიცებულებას სვეტების სასახლის სახელით ცნობილი სტრუქტურის შესახებ, რომელიც ამ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მონუმენტი იყო. ეს ყველაფერი საპოტეკების ხალხის ისტორიის უკეთესად შესწავლაში დაგვეხმარება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.