მეტეორული წვიმა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ მხოლოდ სამი მათგანი აღწევს საათში 100-ზე მეტ ერთეულს — პერსეიდები აგვისტოში, ჯემინიდები დეკემბერში და კვადრანტიდები იანვარში.
3 იანვრის ღამეს, 4 იანვარს გამთენიისას, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი კვადრანტიდების მეტეორული წვიმის მომსწრენი გავხდებით. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ერთი საკმაოდ ხელსაყრელი გარემოება — ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან.
ახალი მთვარის გამო, ნაკლები იქნება ბუნებრივი სინათლე ცაში და შესაბამისად, დავინახავთ მეტეორთა უმეტესობას. ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, პიკის დროს, შესაძლებელი იქნება საათში 60-100 მეტეორამდე დანახვა. მეტეორთა ცვენა პიკს 4 იანვრის დილას, თბილისის დროით 07:00 საათზე მიაღწევს.
Earthsky-ს ცნობით, პიკი საკმაოდ ხანმოკლე იქნება და მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება.
მეტეორების ხილვა მთელ ცაზე იქნება შესაძლებელი, მაგრამ კვადრანტიდების მეტეორული წვიმა ყველაზე კარგად დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს გამოჩნდება.
მეტეორული ნაკადი, ანუ მეტეორთა წვიმა ხდება მაშინ, როცა დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით შემოიჭრება კოსმოსური ნარჩენები — მეტეორიდები. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და შესაბამისად, ყველა მათგანი ატოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.
ამაღამინდელ კვადრანტიდების მეტეორულ წვიმას პირველი არხის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გადაიღებს. ფოტო და ვიდეომასალას 1tv.ge ხვალ შემოგთავაზებთ.