დედამიწა ამჟამად ჰალეის კომეტის ნაკვალევში მოძრაობს, რის გამოც ცაში მეტეორთა წვიმას დავინახავთ
დედამიწა ამჟამად ჰალეის კომეტის ნაკვალევში მოძრაობს, რის გამოც ცაში მეტეორთა წვიმას დავინახავთ

გასულ კვირას ლირიდების მეტეორულმა წვიმამ პიკს მიაღწია, რამაც ცის დამკვირვებლებს საათში ოცამდე მეტეორის გაელვების დანახვის შანსი მისცა. ხედი საუკეთესო იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, თუმცა, ამ მხრივ ეს კვირა სამხრეთ ნახევარსფეროსთვის აღმოჩნდა უკეთესი.

დედამიწა ჰალეის კომეტის მტვრის გრძელი ნაკვალევის ყველაზე სქელ ნაწილში შესასვლელად ემზადება, რა დროსაც მოხდება ეტა-აკვარიდების ყოველწლიური მეტეორული წვიმის პიკი, რომელიც 6 მაისის გამთენიისას არის მოსალოდნელი.

ცუდი ამბავი ის არის, რომ 7 მაისს სავსემთვარეობაა და შესაბამისად, მეტეორების ხილვადობა ცუდი იქნება. თუმცა, მეტეორები მთელი კვირის განმავლობაში იქნება ხილული და რომელიმე ღამეს, შეიძლება ბევრი მათგანი კარგად დაინახოთ.

ჰალეის კომეტა ცაში ბოლოს 1986 წელს გამოჩნდა; დედამიწიდან ის ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩნდება, თუმცა, მზის გარშემო მოძრაობისას, გზად ტოვებს უძველესი მტვრის გრძელ კვალს, რომელსაც ჩვენი პლანეტა 19 აპრილიდან 28 მაისამდე გადაკვეთს. თუმცა, ამ ნარჩენების ყველაზე სქელ ნაწილში დედამიწა 6 მაისის დილას გაივლის.

ნარჩენების ნაკვალევში კვლავ გავივლით ოქტომბერში და მაშინ უკვე ორიონიდების მეტეორული წვიმა მოხდება.

გარდა თითქმის სავსე მთვარისა, ღამის ცაზე ამჟამად სამი პლანეტაც კაშკაშებს, რაც ასევე ართულებს მეტეორების დანახვას.

როგორ დავინახოთ ეტა-აკვარიდების მეტეორთა წვიმა

ამ მოვლენას სახელი ეწოდა მერწყულის თანავარსკვლავედის (აკუარიუს) ეტა ვარსკვლავის მიხედვით, რომელიც მისი რადიანტული წერტილის როლს ასრულებს, ანუ ღამის ცაში მეტეორები მისი მიმართულებით ჩანს.

მოვლენაზე დაკვირვებისათვის საუკეთესო ადგილის შესარჩევად, საჭიროა პირველ რიგში ცაზე ვიპოვოთ მერწყულის თანავარსკვლავედი, შემდეგ კი ჩრდილოეთ მხარეს მოვძებნოთ მისი Y-ის ფორმის ნაწილი, რომელიც გამოსახულებაში წყლის დოქის როლს ასრულებს. ეს ნაწილი შედგება ოთხი ნაწილისგან, მათ შორის არის მერწყულის ეტაც. სწორედ ამ ნაწილში დაინახავთ მეტეორებს ყველაზე კარგად.

მეტეორული ნაკადის დასანახად საუკეთეს ადგილია მოშორდეთ ხელოვნურ განათებას, სადაც თვალი კარგად მოერგება სიბნელეს. არ დაგჭირდებათ ტელესკოპი ან ბინოკლი, ყველაფერს შეუიარაღებელი თვალით დაინახავთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.