რუსეთში, ციმბირის თავზე მეტეორი აფეთქდა
რუსეთში, ციმბირის თავზე მეტეორი აფეთქდა

რუსეთის ცაში კიდევ ერთი კოსმოსური ნამსხვრევი აფეთქდა. 6 აპრილის საღამოს, სამრეწველო ქალაქ კრასნოიარსკის მოსახლეობა შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გახდა — ცაში მეტეორი აფეთქდა.

ადგილობრივთა განცხადებით, მოვლენას ხმაც ახლდა. აფეთქება ცაში საკმაოდ მაღლა, კრასნოიარსკის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

მეტეორს, რომელიც საშუალო სიმაღლეზე, ხმელეთზე დაცემამდე ფეთქდება, ბოლიდს უწოდებენ. მიჩნეულია, რომ დედამიწისკენ დიდი სიჩქარით მომავალ სხეულს ჰაერის მაღალი წნევის შედეგად ბზარები უჩნდება, იზრდება შიდა წნევა და კოსმოსური ნატეხი ნამსხვრევებად იქცევა.

დიდ მეტეორთა აფეთქების შედეგად გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია. მაგალითად, 2013 წელს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე მეტეორის აფეთქების შედეგად გამოიყო 440 კილოტონა ენერგია, 1908 წელს კი ასევე რუსეთში ჩამოვარდნილ ე. წ. ტუნგუსკის მეტეორიტს 3 მეგატონაზე მეტი ენერგია ჰქონდა; განადგურდა 2000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტყე.

გასული წლის დეკემბერში, ბერინგის ზღვის თავზე აფეთქდა მეტეორი, რომელიც მაშინ ვერავინ შენიშნა. მისი ენერგია 173 კილოტონას შეადგენდა.

კრასნოიარსკის მეტეორი ამ მასშტაბის არ ყოფილა, თუმცა ნამდვილად იყო შთამბეჭდავი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არავინ დაშავებულა, არ დაზიანებულა არც ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში ბოლო წლებში მეტეორები საკმაოდ ხშირია. 15 მარტს, ასევე კრასნოიარსკის თავზე აფეთქდა მეტეორი, რომელსაც 0,15 კილოტონა ენერგია ჰქონდა. იგი ჰაერში აფეთქდა, მაგრამ ნამსხვრევები ჩამოცვივდა ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილის სიახლოვეს.

მკვლევართა განცხადებით, ეს ე.წ. ტუნგუსკის ახალი მეტეორი დიამეტრში 3,3 მეტრი იყო და არ მოძრაობდა ისე სწრაფად, როგორც ჩელიაბინსკის მეტეორი, რომელმაც 2013 წელს 1200 ადამიანის დაშავება გამოიწვია.