ალექსანდრე რაქვიაშვილი - ფრაქციაში ალბათ უნდა ჰქონდეთ რესურსი, ხვდებოდნენ, ვინ რა პოზიციებზეა, მაჭუტაძეზე წინასწარ ვიცოდი, რომ ხმის მიცემას აპირებდა, მაგრამ არ დავუშვი, რომ ასე მოხდებოდა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ფრაქციაში ალბათ უნდა ჰქონდეთ რესურსი, ხვდებოდნენ, ვინ რა პოზიციებზეა, მაჭუტაძეზე წინასწარ ვიცოდი, რომ ხმის მიცემას აპირებდა, მაგრამ არ დავუშვი, რომ ასე მოხდებოდა

პარტია „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას კოორდინირებული მუშაობისთვის ჯერ კიდევ დიდი რესურსი აქვს, თუმცა მსგავსი შემთხვევა, რაც გუშინ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა კენჭისყრისას მოხდა, ოპოზიციას ასუსტებს.

რაქვიაშვილის თქმით, ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატთან დაკავშირებული შემთხვევა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა.

„რესური ჯერ კიდევ ბევრია. ახლა ვსწავლობთ კოორდინაციას და ერთიანად სხვადასხვა ინიციატივისთვის წინააღმდეგობის გაწევას. შეიძლება, მაგალითად, საგამოძიებო კომისია აღარ გამოვიდეს ამ ვითარებაში, მაგრამ პარლამენტში იმდენი მავნებლური კანონი გადის, მათ შეჩერებაზე მაინც რომ ვიმუშაოთ, 20-30 დეპუტატიც კი საკმარისია, რათა სულ სხვა პარლამენტი იყოს და სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა გვასუსტებს. საბოლოო ჯამში, ვსუსტდებით, ოპოზიციიდან ხუთი ადამიანი რაღაცნაირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე მხრივ, არ მგონია, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მხარეს დარჩენილი ჰყავდეს კიდევ ბევრი ასეთი დეპუტატი, ვისაც ასე გამოიყენებს. ბოლოს და ბოლოს გვეცოდინება ჩვენი რეალური შესაძლებლობები და რესურსები, ამის მიხედვით შეუძლება, უკეთესად დავგემოთ. არ მგონია, გუშინდელი ფაქტით კონკრეტულად ჩვენ დავზიანდით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა. ფრაქციიდან მათი გარიცხვა საკმარისი არ არის. ხანგრძლივი პერიოდი ოყო, როცა ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში იყვნენ, მათ შორის მათზე ვრცელდებოდა პოზიციები და შეფასებები, რაც ახლა არასწორი აღმოჩნდა.

გუშინდელ ფაქტზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა არის იმ ხუთი ადამიანის, რომლებმაც ეს გაბედეს და გააკეთეს. ასევე, „ქართული ოცნების“, რომელმაც ეს დააორგანიზა და „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც წინასწარ ვერ განჭვრიტა, რა ხდება. ალბათ ფრაქციაში უნდა ჰქონდეთ რესურსი, რომ ხვდებოდნენ, ვინ როგორ პოზიციებზეა, ნიკა მაჭუტაძეზე წინასწარ ვიცოდი, რომ ის ხმის მიცემას აპირებდა. სესიაზე იყო ამაზე საუბარი, მაგრამ არ დავუშვი, რომ ასე მოხდებოდა. გარკვეულწილად, ამის პრევენცია შეიძლებოდა“, – განუცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

პარლამენტმა გუშინ იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი დღეს კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი. კენჭისყრების შემდეგ, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ აღნიშნული დეპუტატების მიერ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება „იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ განმტკიცებას“.