ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვნახოთ, რომელ პოლიტიკურ ძალას რა იდეები აქვს, მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები დაიმალებიან, რადგან ცოტა პოლიტიკოსია, რომელსაც აქვს გამბედაობა, თავისი პოზიცია დაიცვას
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვნახოთ, რომელ პოლიტიკურ ძალას რა იდეები აქვს, მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები დაიმალებიან, რადგან ცოტა პოლიტიკოსია, რომელსაც აქვს გამბედაობა, თავისი პოზიცია დაიცვას

ნებისმიერი აქციის უკან ორგანიზატორები დგანან. რომც დაარქვან რაღაც აქციას აპოლიტიკური, მაინც პოლიტიკოსები არიან, ან ბედავენ ღიად გამოვიდნენ და პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ, ან ვერ ბედავენ. გუშინდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რამდენიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსთა ჯგუფი ცდილობს, შემოაჯდეს ამ საპროტესტო ტალღას ისე, რომ არანაირი გეგმა არ აქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციას აქციებზე არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ აქვს და არ იციან, რა გააკეთონ.

„ულტიმატუმს მაშინ აყენებენ, როცა ბრძოლა მოგებულია, რომ დაზოგონ რესურსები და არა მაშინ, როცა ბრძოლას იწყებ. თან ულტიმატუმს აყენებ ძალიან კომიკური ფორმით, გაიწვიეთ კანონი, თორემ გეტყვით, რას ვგეგმავთო, ამაზე საშინელება როგორ შეიძლება მოვიგონოთ? ეს ნიშნავს, რომ ხალხი ან საერთოდ არაფერზე არ აზროვნებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ან მიზანმიმართულად დგამს ასეთ ნაბიჯებს, რომ მუხტი ჩაახშოს. არ შეიძლება, ყველა ოპოზიციონერს დააბრალო რამე ან ენჯეოსექტორის ყველა წარმომადგენელს, ერთ-ერთი დაზღვევა საჯარო დისკუსიებია იმისგან, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად არ მოაწყოს გაუგებრობა, რათა შემდეგ ხალხში ნიჰილიზმი გავზარდოთ და აქციაზე არ მოვიდეს. პოლიტიკოსებმა უნდა გაბედონ და დასხდნენ ტელევიზიებში. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აქციას, რა მოთხოვნები უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა წარიმართოს, ხალხი, რომ შეიკრიბება, მერე რას აკეთებ? პარლამენტის შტურმს იწყებ, შლი ამ აქციას თუ რაღაც სხვა ნაბიჯებს გადადგამ, მილიონი გაგრძელება შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ აქციას, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასეირნო ხალხი აქეთ-იქით. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაც შეიძლება, საუკეთესო გამოსავალი იყოს ამ ვითარებაში, რომ მუხტი არ განელდეს, არის ის, რომ საჯარო დისკუსიები დაიწყოს. ვნახოთ, რომელ პოლიტიკურ ძალას რა იდეები და რა პოზიციები აქვს. მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები დაიმალებიან და არაფერს იტყვიან, რადგან პოლიტიკაში ძალიან ცოტა პოლიტიკოსია და ძალიან ცოტა ადამიანია, რომელსაც აქვს გამბედაობა, საჯაროდ დაჯდეს და დებატებში თავისი პოზიცია დაიცვას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია: „მიტინგის მიზანმიმართული დაშლის ნაცვლად, ოპოზიცია და „ენჯეოები“ ერთად, საჯაროდ უნდა დასხდნენ და ხალხის თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა“.