თინა ბოკუჩავა - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ნიკა მაჭუტაძეს, ნატო და როსტომ ჩხეიძეებს შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს „კლანის“ განმტკიცებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება „იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ განმტკიცებას“.
მისივე თქმით, სხვაგავრად იძულებული იქნებოდნენ, ცალმხრივად მიეღოთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
„არცერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვების შესახებ.
გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ, რომ „კლანის“ გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.