ალექსანდრე გეჯაძე - შალვა ხაჭაპურიძის განცხადების გამო, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, მან მიაღწია საწადელს და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა
ალექსანდრე გეჯაძე - შალვა ხაჭაპურიძის განცხადების გამო, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, მან მიაღწია საწადელს და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გაკვირვებული და გაოგნებულია.

კერძოდ, შალვა ხაჭაპურიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა: „ბატონ გეჯაძესთან არაერთხელ მქონდა შეხვედრა. მსურდა, რომ ის ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან  ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. ამიტომ მითხრა: შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და არ მინდა, გავაკეთო ის, რაც გავაკეთე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია“.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, შალვა ხაჭაპურიძემ წინასწარ მოამზადა არგუმენტები, რითიც უნდა დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ სამი საექსპერტო სტრუქტურის მონაწილეობით ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება არასწორი იქნებოდა.

გეჯაძის განმარტებით, შალვა ხაჭაპურიძემ მიზანს მიაღწია და სასამართლომ ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ბატონი შალვა ალბათ მოემზადა, რადგან პასუხები ჰქონდა უკვე წინასწარ გამზადებული იმ თვალთახედვით, რა არგუმენტებით უნდა განეხორციელებინა სასამართლო დარბაზში მოსამართლის დარწმუნება, რომ ჩვენი საექსპერტო დაწესებულებების და სამხარაულის სტრუქტურის ერთობლივი მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარება იქნება არასწორი, არაობიექტური, მთელი რიგი გარემოებების გამო. ბატონი შალვა გადაწვდა როგორც ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს თავისი არგუმენტებით, გადაწვდა შემდეგ ერთ-ერთ საექსპერტო სტრუქტურას ქალბატონი მარიკა ტოკლიკიშვილის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით. აღნიშნა ქალბატონ მაიაზე, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულია, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია. რაც შეეხება მეორე სტრუქტურას, განაცხადა, რომ თურმე იმ სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ახლობლები დააპატიმრეს თუ ბიზნესი წაართვეს და ვერ იქნებოდნენ ისინი ობიექტური. ამ დროს მეგობრები ვართ, ალბათ შემდეგ მიხვდება, საერთოდ რატომ გააჟღერა ჩემი გვარი და ჩვენი საექსპერტო დაწესებულება ცუდ კონტექსტში. მთლიანობაში, მარტივად რომ ვთქვათ, მან ამ საწადელს მიაღწია და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ჩემთან მიმართებაში, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ბატონ შალვასთან წლები გვაკავშირებს, მე პირადად, არაერთი წელი. დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის პირობებში, არაერთი ექსპერტიზა ჩაგვიტარებია ობიექტურად, რეალურად, როგორც ყოველთვის. რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენებია ჩემი პერსონა – თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე პირნათლად ვასრულებ ყველაფერ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ.“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

გეჯაძის თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ექსპერტიზის პროცესს ესწრებოდა საია-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც არანაირი კითხვის ნიშნები არ ჰქონია.

„მან პროცესზე „ტვ პირველის“ ოპერატორის საქმესთან გააერთიანა სააკაშვილის საქმე იმ კონტექსტში, რომ თურმე ოპერატორის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა შსს-ს დაკვეთის შედეგად დაიდო, რომ ეს დასკვნა არაობიექტურია, არასწორია და ა.შ. შემიძლია, ყველას ცალსახად მოგახსენოთ, რომ ოპერატორთან მიმართებაში კვლევის პროცესში, პროზექტურაში, პირველივე საათებში ჩემ გვერდზე სასექციო დარბაზში საია-ს მხრიდან იყო ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც კვლევის პროცესს ესწრებოდა, პროცესის გადაღება ხდებოდა ვიდეოსაშუალებების გამოყენებით. თითოეული დეტალი აღბეჭდილია ვიდეოზე. არანაირი კითხვის ნიშნები საია-ს წარმომადგენელს არ ჰქონია. ექსპერტიზა როცა დასრულდა, საია-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ, როგორც კი აიღებდნენ ოპერატორის საექსპერტო დასკვნას, შეისწავლიდნენ და შემდეგ გააკეთებდნენ თავიანთ დასკვნებს. დღემდე დასკვნის არაობიექტურობის, შეცდომების თაობაზე არც საიას-ს, არც სხვა რომელიმე იურიდიულ კომპანიას არ განუცხადებია“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

ამავდროულად, ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, რამდენიმე თვის წინ სააკაშვილთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე შალვა ხაჭაპურიძეს უარი უთხრა, რადგან არსებული მონაცემები „არ აძლევდა საშუალებას, გაყოლოდა ადვოკატის სტრატეგიას, რათა დაწერილიყო, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი“.

„ვიდრე ბატონი შალვა ოფიციალურად ჩაერთვებოდა ამ საქმეში, მანამდე იყო ჩემთან მოსული, მითხრა, აპირებდა ადვოკატად წასვლას ბატონი მიხეილის დაცვის თვალსაზრისით, მისი ჯანმრთელობის მდგომაროების შეფასების და ა.შ. ყოყმანობდა, არ იცოდა, მიიღებდა სააკაშვილის მხრიდან ამ მოწვევას თუ არა. თუ არ მეშლება, იყო ასეთი მომენტი, როცა თვითონაც თავს იკავებდა და ამბობდა, არ ვიცი, ჩავერთვები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ვარ ფიქრებში და განსჯაშიო. თუ რატომ იყო ფიქრებში და განსჯაში, ჩემთან აღარ დუკონკრეტებია. შემდეგ გავიგეთ, რომ გახდა ადვოკატი. ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია მანამდეც და იმის შემდეგაც, როცა გახდა ადვოკატი. რამდენიმე თვის წინ ხდება ეს ყველაფერი და არა იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც დღეს არის სააკაშვილი. ის მონაცემები და ინფორმაცია, რასაც მაძლევდა, მე არ მაძლევდა საშუალებას, გავყოლოდი ადვოკატის სტრატეგიას, რათა დაწერილიყო, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი. რა ინფორმაციაც მაშინ მქონდა, შალვამ ჩემი მხრიდან იცოდა, რომ მე, როგორც მძიმე ავადმყოფს, მხარს ვერ დავუჭერდი და იმ პერიოდში ამ მიმართულებით ექსპერტიზაზე უარი ვუთხარი. ბუნებრივია, შემდგომ შალვას ჰქონდა მცდელობა, დროის, პერიოდების გავლის მომენტში, რომ იქნებ როგორმე შენი ეგიდით ჩავატაროთ ეს ექსპერტიზა“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.