ალექსანდრე ფალავანდიშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა და აცხადებს, რომ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებზე დასასწრებად მიდის
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა დატოვა. მისი განცხადებით, გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებზე დასასწრებად მიდის.
ამასთან, მისი განცხადებით გამოძიება მათ პირად მიმოწერებს სწავლობს.
„მიმდინარეობს ჩხრეკა, პირად მიმოწერებს ნახულობენ. ჯერ არ დასრულებულა პროცესი, გამოვედი დაკითხვიდან, რადგან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გავდივართ. სად მივდივარ, არ გეტყვით. იმედია, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის. ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნის, თავისის ზნეობის, შვილების დასაცავად მოძალადე, ჰომოსექსუალი მოძრაობის წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩვენს შესაძლო დაკავებას, როგორც გითხარით, იმედს გამოვთქვამ, რომ უდანაშაულო ხალხს ჩვენი მთავრობა არ დასჯის იმის გამო, რომ ამას მოითხოვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. მომხდარში პასუხისმგებლები არიან პრაიდი და მათი მხარდამჭერები, ვინც ცააქეზა ხალხი. როდესაც 50 ათას ხალხთან მიხვალ და დაუძახებ პუტინისტს, კოლაბორაციონისტს და შეურაცხყოფას მიაყენა, ბუნებრივია, ვიღაცა თავს ვერ შეიკავებს“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ უნდა დაბრუნდეთ დღეს გამოკითხვაზე, ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება როგორც ითხოვს, ისე მოიქცევა.
„როგორც გამოძიება ითხოვს, ისე მოვიქცევით“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.
ამ დროისთვის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე რჩება გურამ ფალავანდიშვილი, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, ზურაბ მახარაძე და კიდევ რამდენიმე პირი.