ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე მისი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას გაუსვა ხაზი.

„თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად… ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ თრთოლვით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს. ამასთან, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ბელარუსის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.