ნიკა კვეკვესკირი - ასეთი განწყობით ფინალსაც მოვიგებთ
ნიკა კვეკვესკირის აზრით, ბელარუსთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური შეხვედრის მოგება (1:0) მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოცდილი ნახევარმცველის თქმით, საქართველოს მთავარი ომი მოსაგები აქვს.
„მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას, ბრძოლა მოვიგეთ, ომი წინ არის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო იმ 55 ათას ადამიანს, ვინც ბილეთები შეიძინა და სტადიონის ტრიბუნა უნდა შეევსო, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო სტადიონზე ვერ მოხვდა. მოზღვავებული ემოცია მაქვს და კონკრეტულად თამაშზე საუბარი რთულია, მნიშვნელოვანი იყო ბელარუსთან გამარჯვება და პლეი-ოფის ფინალში გასვლა. მომდევნო მეტოქესთანაც ასეთი განწყობით თუ ვითამაშებთ, წარმატება აუცილებლად გვექნება,” – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი 12 ნოემბერს, თბილისში, დინამო არენაზე გაირკვევა. საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.