გურამ კაშია - „ევრო 2020“-ის პლეიოფის ფინალი აუცილებლად უნდა მოვიგოთ
გურამ კაშია - „ევრო 2020“-ის პლეიოფის ფინალი აუცილებლად უნდა მოვიგოთ

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა „ევრო 2020“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბელარუსთან მოგებაზე – თბილისის „დინამო არენაზე“ შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

„მადლობა გულშემატკივარს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. სასიამოვნოა, რომ დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. პირველ ტაიმში კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მეორე ნახევარში ძირითადი აქცენტი დაცვაზე გავამახვილეთ. მიზნამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ფინალში ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და აუცილებლად მოვიგოთ. საკმარისი დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – ამბობს გურამ კაშია.

გამოცდილი მცველის თქმით, ახლა გუნდი 11 ოქტომბერს სომხეთთან ერთა ლიგაზე დანიშნული მატჩისთვის უნდა მოემზადოს:

„გულშემატკივრების მხარდაჭერას ყველა ვგრძნობთ, ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა. მსურს, გვერდში დგომა ასე გააგრძელონ, რადგან მიღწეულ წარმატებაში მათ უდიდესი როლი აქვთ“.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაირკვევა. საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.​