ახალგორის გამგებელი - ჯერ ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს
ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, როდის მოხდება ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.
როგორც ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება.
„გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ვერაფერს დავამატებ, ყველასთვის ცნობილია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად იქნეს ცხედარი გადმოცემული, როდის მოხდება ეს, ამას ყველა ერთად შევიტყობთ. ვადებზე ვერაფერს გეტყვით, იმ დიდი ძალისხმევის შედეგად ყოველწუთს არის მოლოდინი, მაგრამ როდის იქნება, ეს ნამდვილად არ ვიცი. საპატრიარქოც აქტიურად ჩართულია პროცესში და ველოდებით, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოცემა და ასევე იმ ორი პატიმრის გათავისუფლება, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ახალგორში. მსგავსი რამ არ იგეგმება, რომ სასულიერო პირები გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ მოახდინონ ცხედრის ექსტრადირება”, – აღნიშნა გამგებელმა.
კითხვაზე იგეგმება, თუ არა ცხედრის გამოდსვენებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასულიერო პირების გადასვლა, ახალგორის გამგებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.
„ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს თავად აქვთ პირადად კომუნიკაცია ოჯახთან, რა თქმა უნდა როცა 11 დღეა ცხედარი არ გადმოცემულა ოჯახს ბუნებრივია უიმედობის განცდა არსებობს, მაგრამ ამავდროულად იციან, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტთან, რომელიც არის დაუნდობელი, საქმე გვაქვს სეპარატისტთან, რომელიც ოკუპანტის მიერ არიან წაქეზებული. დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რომც ვიცოდეთ კონკრეტული თარიღი ალბათ არ შეიძლება ამის თქმა, რადგან ეს შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს. დაველოდოთ და მოთმინება ვიქონიოთ. კონკრეტული თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მოლაპარაკებებში მონაწილეობა ჩემს კომპეტენციას ცილდება”, – აღნიშნა ახალგორის გამგებელმა.