მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე  ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა

მოწმეებიდან ორი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ერთი კი, დაზარალებულის თანასოფლელია.

სხდომა ღია მხოლოდ მესაზღვრეების დაკითხვის ნაწილში იყო, შემდეგ კი, ბრალდების მხარემ სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. მიზეზად ერთ-ერთი მოწმის უსაფრთხოება დაასახელა, რადგან იგი ახალგორის ტერიტორიაზე მუდმივად გადაადგილდება.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოწმემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობას წინ უძღვოდა.

„მოწმემ თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილი იყო პატრიოტი და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, ის ხშირად გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს იმის თაობაზე რომ საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ იქნა წართმეული. ამის გამო გამოთქვამდა წუხილს, მათ შორის ახალგორის ტერიტორიაზე. 2008 წელს იგი მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. მოწმის განცხადებით, ერთობლიობაში ამ გარემოებებმა შეუწყო ხელი, რომ მოხდა ტატუნაშვილის წამება და შურისძიება ე.წ. ძალოვანი უწყებების მხრიდან”, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

მომდევნო სხდომა 5 დეკემბერს 14:00 სთ-ზე ჩაინიშნა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე დაახლოებით 140 მოწმეა დასაკითხი.