აკაკი ზოიძე - აღსრულების გარეშე შრომის უსაფრთხოების კანონს ფასი არ ექნება
აკაკი ზოიძე - აღსრულების გარეშე შრომის უსაფრთხოების კანონს ფასი არ ექნება

რაც არ უნდა კარგი კანონი მივიღოთ, მას არანაირი ფასი არ ექნება, თუ მისი აღსრულება ადამიანების და კომპანიების მიერ არ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზოიძემ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მისივე თქმით, კანონმდებლობის კუთხით, პარლამენტმა ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებული კანონმდებლობა მიიღო. როგორც დეპუტატი ამბობს, ახლა მთავარი კანონმდებლობის აღსრულებაა.

„ადამიანების ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოვხატავ. სამწუხაროდ, უბედური შემთხვევები ხდება. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვისი ბრალეულობა იყო, კონკრეტულად დამსაქმებლის, თუ კომპანიის, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ვინ იყო პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

საიდუმლო არ არის, რომ თავის დროზე, წინა ხელისუფლების დროს, შრომის კოდექსი საერთოდ ნიველირებული იყო. ასევე იგნორირებული იყო დასაქმებულების შრომის უფლებები. ამ სისტემის აღმშენებლობა ნულიდან დავიწყეთ და საკმაოდ მოკლე დროში მაღალი დონის კანონმდებლობა ფორსირებულად მივიღეთ. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა თავად ამ კომპანიებზეა, სამშენებლო კომპანია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაოების შემსრულებელი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმები არ სრულდება, აუცილებელია უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ ასეთ ორგანიზაციებს გაცილებით ძვირი დაუჯდეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არშესრულება, ვიდრე მათი შესრულება.

რაც არ უნდა კარგი კანონი მივიღოთ, მას არანაირი ფასი არ ექნება, თუ მისი აღსრულება ადამიანების და კომპანიების მიერ არ მოხდა. პრევენცია არის ის, რომ მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯონ კანონის დამრღვევები, თუ ბრალეულობა დადასტურდა“,- განაცხადა ზოიძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.