აკაკი ბობოხიძე - სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნა რომ მოუწიათ, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპელი პარტნიორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებით
სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნა რომ მოუწიათ, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ამ სერიოზულობიდან გამომდინარე, სიღრმისეულად ვისაუბრებთ კრიზისის შექმნის წყაროებზე და არა ზედაპირულად“,- განაცხადა ბობოხიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა შეთანხმების მიღწევის კონკრეტული გამოსავალი თავად შესთავაზოთ, ბობოხიძე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, შეიძლება, ესეთი შემოთავაზებაც მიიღონ.
„მაგრამ იმედი მაქვს, მსგავსი ტიპის შემოთავაზება არ დაგვჭირდება და ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას რამენაირად. უბრალოდ, შემოთავაზება მხოლოდ არ იკმარებს, რადგან მიმაჩნია, ოპოზიციას უფრო სიღრმისეულად ესმის კრიზისის შექმნის საფუძვლები, ვიდრე თუნდაც ჩვენს მეგობრებს. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მხარდაჭერილი იქნება ჩვენი წინადადება“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 მარტს ეწვევა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.