შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხვალ ჩამოვა
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხვალ ჩამოვა

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 მარტს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

აქვე განმარტებულია, რომ დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

„პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, ბატონი დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.