გია ცაგარეიშვილი - დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ აკაკი ბობოხიძის „გულწრფელობა“, რომ ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე, ტერორით მართავდნენ საქართველოს
გია ცაგარეიშვილი - დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ აკაკი ბობოხიძის „გულწრფელობა“, რომ ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე, ტერორით მართავდნენ საქართველოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, აკაკი ბობოხიძის განცხადება არის აღიარება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ეფუძნებოდა ძალადობას.

კერძოდ, ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას, სადაც ბობოხიძე აღნიშნავს: „იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი, ჩვენ ვცდილობდით, წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით“.

გია ცაგარეიშვილის განმარტებით, ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიგო, რა შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა ამ ხალხს, როცა 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდნენ.

„ჩემი აზრით, გაუგებარი განცხადებაა. ბატონ ბობოხიძეს თავის ყოფილ, თუ ახალ მეგობრებთან ერთად ჰგონია, თურმე უნდა აღეზარდა ქართველი ხალხი, ეს ვერ შეძლო, რადგან მისი და თავისი მეგობრების აღზრდის ეს პრინციპი ეყრდნობოდა თურმე ძალას და ძალადობას. ჯერ რა გვჭირს ქართველ ხალხს ბობოხიძის აღსაზრდელი? ამით უნდა დავინტერესდეთ, ან ადეიშვილის, მეგის ქარდავას, სააკაშვილის ან რომელიმე სხვა კრიმინალის აღსაზრდელი? – ესაა აქ მთავარი კითხვა და რა თქმა უნდა, აღიარება იმისა, რომ მათი მმართველობა ეფუძნებოდა ძალადობას. დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ მისი „გულწრფელობა“ სადღაც ათი წლის თავზე იმასთან დაკავშირებით, თურმე ისინი ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე და ზოგადად, იყვნენ მოძალადე ბუნების პილიტიკოსები, რომლებიც ატერორებდნენ, არბევდნენ და ასე მართავდნენ საქართველოს. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო, ნათქვამია, მაგრამ მგონი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიგო, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა სურდათ ხალხისგან, რა შორსმიმავალი მიზნები ჰქონდათ, როცა ისინი 2003 წელს მოვიდნენ ქვეყნის სათვეში. ეს ის საზოგადოებაა, რომელთა რბევას, სხვათაშორის, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შუქირა უწოდეს. ვაი, ასეთ შუქურას, რომელიც წვავს და ანადგურებს ყველას და ყველაფერს თავის გარშემო“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.