ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ტექსტზე იმსჯელებენ
დღეს ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისაღები დეკლარაციის ტექსტზე იმსჯელებენ. ეს იქნება სამიტამდე დიპლომატების ბოლოს შეხვედრა. შეხვედრა დახურულია და მედიისთვის განცხადებები არ გაკეთდება. ინფორმაციას პირველ არხთან საუბარში ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე ადასტურებს.
ევროკავშირის ლიდერებმა დეკლარაცია 24 ნოემბერს უნდა მიიღონ. სამიტის დასასრულს დოკუმენტი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. ევროპარლამენტარებს სურთ, რომ სამიტის დეკლარაციამ პარლამენტის სულისკვეთება გაიზიაროს და ლიდერებმა ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.
ევროპარლამენტში სამიტის შესახებ რეზოლუციაზე დებატები 14 ნოემბერს გაიმართა და დღეს დოკუმენტს კენჭს უყრიან. დეპუტატები ამბობენ, რომ ორგანიზაციამ არ უნდა გაუშვას ხელიდან ოქროს შანსი და ამისათვის კონკრეტული წინადადებებით უნდა გამოვიდეს.
პარლამენტარებს სურთ, რომ სამიტის დეკლარაციაში საუბარი იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსზე, ასოცირებული სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებასა და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.