აღმოჩენილია ვარსკვლავი, რომელიც შავ ხვრელს გადაურჩა
აღმოჩენილია ვარსკვლავი, რომელიც შავ ხვრელს გადაურჩა

როდესაც შავი ხვრელები მათ გარშემო სივრცეში არსებულ დიდი ოდენობით მატერიას ყლაპავენ, ისინი ამ საქმეს არც ისე დიდი დახვეწილობით აკეთებენ. ამ დროს ისინი უკან აფრქვევენ რენტგენული გამოსხივების უზარმაზარ ანთებებს, რაც გამოწვეულია შავ ხვრელში მატერიის ჩადინებისას წარმოქმნილი უზარმაზარი სიცხით; ეს ანთებები იმდენად კაშკაშაა, რომ დედამიწიდანაც ჩანს.

ასეთი გახლავთ შავი ხვრელის ნორმალური ქცევა. უჩვეულო კი გახლავთ ის, რომ ეს რენტგენული ანთებები საათის მსგავსი რეგულარულობით იფრქვევა. ასეთი უცნაური ქცევა შარშან შენიშნეს ჩვენგან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთ-ერთი გალაქტიკის შუაგულში არსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელთან. რენტგენულ ანთებებს ის ყოველ ცხრა საათში აფრქვევდა.

დეტალურად შესწავლის შემდეგ, ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომ ენდრიუ კინგს სჯერა, რომ მან ამის მიზეზი იპოვა — მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც შავი ხვრელის ხახას გადაურჩა და მის გარშემო ელიფსურ, ცხრასაათიან ორბიტაზე ჩაიჭედა. ახლო გავლის, ანუ პერიასტრის ყოველ ჯერზე, შავი ხვრელი ვარსკვლავის სულ უფრო მეტ მატერიას ისრუტავს.

„ეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი ჩაჭედილია შავ ხვრელთან ახლოს, ელიფსურ ორბიტაზე და მას გარს უვლის ყოველ ცხრა საათში ერთხელ. მასთან ყველაზე ახლოს ის შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის 15 რადიუსის მანძილზე მიდის, რა დროსაც შავი ხვრელი ვარსკვლავს გაზს აცლის და თავის გარშემო მოძრავ აკრეციის დისკოში გადააქვს, ამ დროს კი გამოიყოფა რენტგენული გამოსხივება, რომელიც უკვე ჩვენმა ორმა თანამგზავრმა დააფიქსირა“, ამბობს ენდრიუ კინგი.

ეს შავი ხვრელი მდებარეობს გალაქტიკა GSN 069-ის ბირთვში და სუპერმასიურის კვალობაზე არის საკმაოდ მსუბუქი — ჩვენს მზეს მასით მხოლოდ 400 000-ჯერ აღემატება. მიუხედავად ამისა, ის აქტიურია და გარს აკრავს აკრეციული მატერიის ცხელი დისკო, რომელიც თანდათან მასში ჩაედინება და შავი ხვრელიც მასაში იმატებს.

კინგის მოდელის მიხედვით, ეს შავი ხვრელი თავის საქმიანობაში იყო გართული, აქტიურად სანსლავდა მატერიას, როდესაც მის სიახლოვეს ჩაიარა ერთმა წითელმა გიგანტმა — სიცოცხლის ბოლო ევოლუციურ ეტაპზე მყოფმა მზის მსგავსმა ვარსკვლავმა. ზედმეტად ახლოს მისვლისას, შავმა ხვრელმა მას დაუყოვნებლივ შემოაცალა მატერიის გარე ფენები და ვარსკვლავი სწრაფად გადაიყვანა თეთრი ჯუჯას სტადიაზე, ანუ აქცია მკვდარ ბირთვად, რაც ვარსკვლავისგან რჩება ბირთვული საწვავის ამოწურვის შემდეგ.

ამის შემდეგ, თეთრმა ჯუჯამ მოგზაურობა ვეღარ გააგრძელა და შავი ხვრელის გარშემო ორბიტაზე ჩაიჭედა, პარალელურად განაგრძო მისი კვება საკუთარი მატერიით.

რენტგენულ ანთებათა სიმძლავრეზე დაყრდნობითა და შავი ხვრელისთვის მასის გადაცემის დროს წარმოქმნილ ანთებათა შესახებ ჩვენეულ წარმოდგენაზე დაყრდნობით, ასევე ვარსკვლავის ორბიტის გათვალისწინებით, კინგმა დაადგინა თავად ვარსკვლავის მასაც. მისი გაანგარიშებით, თეთრი ჯუჯას მასა მზის მასის 0,21 პროცენტს უდრის.

მიუხედავად ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, ასეთი გახლავთ თეთრი ჯუჯების სტანდარტული მასა. და თუკი ჩვენ ვარსკვლავს თეთრ ჯუჯად შევაფასებთ, სხვა თეთრ ჯუჯებსა და ვარსკვლავურ ევოლუციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ასევე დავასკვნათ, რომ ის მდიდარია ჰელიუმით და წყალბადის მარაგი დიდი ხნის წინ ამოწურა.

„ნიშანდობლივია, რომ შესაძლებელია 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ციცქნა ვარსკვლავის ორბიტის, მასისა და შემადგენლობის დადგენა“, — ამბობს კინგი.

ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, ის ასევე პროგნოზირებს, რომ ვარსკვლავის ორბიტა ოდნავ ირხევა, დაახლოებით ისე, როგორც ბზრიალა სიჩქარის დაკარგვისას. ეს რხევა შეიძლება ყოველ ორ დღეში მეორდება და შეიძლება მისი დაფიქსირებაც შევძლოთ, თუკი სისტემას საკმარისი დროის განმავლობაში დავაკვირდებით.

ასეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შავი ხვრელი იზრდება და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მასიური ხდება. თუმცა, ამის დასამტკიცებლად საჭიროა ასეთი სისტემების უფრო მეტად კვლევა, მაგრამ მათი დაფიქსირება შეიძლება, არც ისე მარტივი იყოს.

GSN 069-ის შემთხვევაში, მისი შედარებით დაბალმა მასამ ვარსკვლავს მის ახლო ორბიტაზე მოძრაობის საშუალება მისცა. იმისათვის, რათა უფრო მასიურ შავ ხვრელს გადაურჩეს, ვარსკვლავს უფრო დიდ ორბიტაზე მოძრაობა მოუწევს, რის გამოც შავი ხვრელის კვების ნებისმიერი პერიოდული მახასიათებლის გამორჩენა უფრო მეტად არის მოსალოდნელი. იმ შემთხვევაში კი, თუ ვარსკვლავი შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს მივა, ის გარდაუვლად განადგურდება.

თუმცა, ასეთი გადარჩენილი ვარსკვლავის აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ასეთი სისტემები სამყაროში სხვაც ბევრი უნდა იყოს.

„ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს მოვლენა ჩვენი ამჟამინდელი ტელესკოპებისთვის ხილულია დროის მცირე მონაკვეთში, 2000 წელიწადში ერთხელ, დანარჩენ შემთხვევაში, უკიდურესად უნდა გაგვიმართლოს, რომ ის დავაფიქსიროთ; თუმცა, სამყაროში ასეთი მოვლენა ნამდვილად ძალიან ბევრი იქნება“, — ამბობს კინგი.

რაც შეეხება ვარსკვლავის მომავალს, მისთვის არაფერი შეიცვლება, თეთრი ჯუჯა დარჩება იქ, სადაც არის, მილიარდობით წლის განმავლობაში იმოძრავებს შავი ხვრელის გარშემო და თანდათან მატერიასაც დაკარგავს. შედეგად, ის ზომაში გაიზრდება, მაგრამ დაიკლებს სიმკვრივე; თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები ზომით დედამიწაზე ოდნავ დიდია.

„მას გასაქცევი არსად აქვს. შავი ხვრელი უფრო და უფრო ნელა გააგრძელებს მის შეჭმას და ეს პროცესი არასოდეს დასრულდება“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ კინგი.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია le.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.