აღმოჩენილია ვამპირი ვარსკვლავი, რომელმაც კომპანიონი ვარსკვლავი სრულიად შეჭამა
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ჩვენგან 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ორმაგი ვარსკვლავის განსაკუთრებით სისხლმოწყურებული მაგალითი, რომელშიც პატარა, მკვდარი ვარსკვლავი ნელა და პერიოდულად აცლის გაზს მის ბინარულ კომპანიონ ვარსკვლავს.
ამ ტიპის ურთიერთქმედებას კატაკლიზმურ ცვალებად ვარსკვლავს უწოდებენ, მაგრამ მისი გაცილებით პოპულარული სახელია „ვამპირი ვარსკვლავი“.
ეს გახლავთ ბინარული (ორმაგი) სისტემები, რომლებშიც პატარა ვარსკვლავი, ძირითადად თეთრი ჯუჯა (მზის მასის მქონე მკვდარი ვარსკვლავის კომპაქტური ბირთვი აფეთქებებს განიცდის მისი დიდი კომპანიონისგან მატერიის მოპარვის შედეგად.
თუმცა, ამ სისტემის შემთხვევაში, დინამიკა კიდევ უფრო უცნაურია — ბინარული კომპანიონი ყავისფერი ჯუჯაა, ობიექტი, რომელმაც ფორმირება ვარსკვლავის მსგავსად დაიწყო, მაგრამ ვერ მიიერთა საკმარისი მასა, რათა ბირთვში წყალბადის სინთეზი დაწყებულიყო. ასეთ ობიექტებს ხშირად „არშემდგარ ვარსკვლავებს“ უწოდებენ, რადგან მათი მასა გაზის გიგანტ პლანეტებსა და პატარა ვარსკვლავებს შორის მერყეობს.
ეს კონკრეტული ყავისფერი ჯუჯა ათჯერ ნაკლებად მასიური იყო ვიდრე ბინარული სისტემის მეორე წევრი — თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი.
მოვლენა აღმოაჩინეს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 2016 წელს შეგროვებულ ამჟამად საარქივო მონაცემებში. ტელესკოპს ეს ვარსკვლავი საკმაოდ კარგად აქვს გადაღებული, მაგრამ მონაცემები ისე დაარქივდა, რომ ეს მოვლენა ვერავინ შენიშნა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ მისი პოვნა შეძლო ავტომატურმა პროგრამამ, რომელიც ამ მონაცემებში ვარსკვლავთა სინათლის ცვალებადობას, ე. წ. გარდამავალ მოვლენებს ეძებდა.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომის, რაიან რიდენ-ჰარპერის განმარტებით, მათ იპოვეს ჯუჯა ნოვას სუპერ-აფეთქების უიშვიათესი მოვლენა, რაც ხშირად ხდება ვამპირ ვარსკვლავურ სისტემებში.
მისივე თქმით, კეპლერის გასაოცარ მონაცემებში აღმოაჩინეს 30-დღიანი პერიოდი, რომელშიც ჯუჯა ნოვა სწრაფად გახდა 1600-ჯერ უფრო კაშკაშა, შემდეგ სწრაფად ჩაბნელდა და თანდათან თავის ჩვეულ სიკაშკაშეს დაუბრუნდა.
სიკაშკაშე წარმოქმნა თეთრი ჯუჯას გარშემო მბრუნავმა მატერიამ, ე. წ. აკრეციულმა დისკომ — იგივე პროცესმა, რაც გაცილებით დიდი მასშტაბებით ხდება სუპერმასიურ შავ ხვრელთა გარშემო. მბრუნავი დისკო ხახუნის შედეგად იმდენ სიცხეს წარმოქმნის, რომ იწყებს ვარვარს.
თავის მხრივ, ეს პროცესი წარმოქმნის ვარსკვლავის გარდამავალ მოვლენებს. იმის გამო, რომ ვარსკვლავი მუდმივად არ იკვებება, ის ხან ბნელდება, ხან კი კაშკაშდება. 2014 წელს კეპლერის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა წინა კამპანიის მონაცემებში ეს ვარსკვლავიც შედის, რომელიც იმ დროს არ იკვებებოდა და შესაბამისად, ავტომატურმა პროგრამამაც ვერაფერი განსაკუთრებული შენიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ავტომატური პროგრამა ასეთ აფეთქებათა საპოვნელად არ არის შექმნილი. მკვლევართა თქმით, მისი სამიზნეა გაცილებით ენერგეტიკული მოვლენები — სუპერნოვები და ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებები.
რიდენ-ჰარპერის განცხადებით, ამ ჯუჯა ნოვას აღმოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან ისინი მას სულაც არ ეძებდნენ, მაგრამ ამ აღმოჩენამ მოგვაწოდა ბრწყინვალე მონაცემები და ახალი ცნობები ამ ვამპირი ვარსკვლავური სისტემების შესახებ.
აღმოჩენა ასევე გვიჩვენებს, რომ პროგრამას შეუძლია გადააჭარბოს მის წინასწარ ჩადებულ პარამეტრებს და იპოვოს ისეთი გარდამავალი მოვლენები, როლებსაც მისი გამოყენებით ასტრონომები სულაც არ ეძებენ.
თუმცა, იყო კიდევ ერთი უცნაური რამ. სიკაშკაშის მომატება შეუთავსებელი იყო სხვა ჯუჯა-ნოვა სუპერ-აფეთქებების სისტემებში დაკვირვებულ მახასიათებლებთან, რაც მკვლევართა თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტიპის აფეთქებათა მიმართ ახალი ფიზიკა იმალება.
როგორც რიდენ-ჰარპერი აღნიშნავს, ეს აღმოჩენა საუკეთესო წარმოდგენას გვიქმნის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ აფეთქებათა შესახებ.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია anu.prezly.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.