დაბადებიდან დღემდე, ირმის ნახტომი მრავალ სხვა გალაქტიკას შეეჯახა და შეერწყა, მაგრამ მისი ისტორიის თავმოყრა საკმაოდ რთული ამოცანაა.
ჩვენი გალაქტიკის გარშემო მოძრავი მკვრივი ვარსკვლავთგროვების ახალი ანალიზები გალაქტიკური შერწყმის ყველაზე სრულყოფილ სურათს გვთავაზობს ამ დროისათვის. ამ მონაცემებში არის აქამდე უცნობი შერწყმის მოვლენაც, რომელიც დაახლოებით მილიარდი წლის წინ მოხდა და სრულიად შეცვალა ირმის ნახტომის ფორმა. ჩვენი გალაქტიკის მიერ შთანთქმულ ამ გალაქტიკას ასტრონომებმა კრაკენი უწოდეს.
ვარსკვლავების ასეთ გროვებს სფეროსებრ გროვებს უწოდებენ და ხშირად, მათ ადრეული სამყაროს „ნამარხებად“ მიიჩნევენ. წარმოადგენს ძალიან მკვრივ, სფეროს ფორმის გროვებს, რომლებშიც თავს იყრის 100 000-დან მილიონამდე ძალიან ბებერი ვარსკვლავი, რომელთაგან ზოგიერთი თავად სამყაროს ხნისაა. ნებისმიერ სფეროსებრ გროვაში, ყველა შემადგენელი ვარსკვლავი ერთსა და იმავე დროს არის წარმოქმნილი, ერთი და იმავე გაზის ღრუბლისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ქიმიური შემადგენლობით შეგვიძლია დავადგინოთ წარმოშობა.
თუმცა, ეს თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია. ირმის ნახტომს დაახლოებით 150 სფეროსებრი გროვა აქვს; მათი წარმომავლობის ამბის გარკვევაში ასევე გვეხმარება მათი ორბიტული მოძრაობის დადგენა და რეკონსტრუქცია და ამჟამინდელი ფორმა (ზოგიერთი მათგანი დაშლილია და ახლა გრძელი, ვარსკვლავური ნაკადის ფორმა აქვთ).
სწორედ ეს გააკეთა ახლახან ასტრონომთა ჯგუფმა. ხელოვნური ნერვული ქსელის გამოყენებით, მათ ირმის ნახტომის მსგავს გალაქტიკათა გარშემო მოძრავი სფეროსებრი გროვების სიმულირება მოახდინეს. ეს სიმულაციები, სახელად E-MOSAICS, ქმნის სფეროსებრი გროვების მთლიანი სიცოცხლის მოდელს, წარმოქმნიდან დაწყებული, ევოლუციითა და დაშლით დამთავრებული.
„მასპინძელ გალაქტიკასთან შერწყმის ისტორიაში სფეროსებრი გროვების თვისებათა დაკავშირების მთავარი გამოწვევა ყოველთვის ის გახლდათ, რომ გალაქტიკის აწყობა უკიდურესად არეულ-დარეული პროცესია, რომელშიც სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების ორბიტები სრულიად იცვლება“, — ამბობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ასტრონომი დიდერიკ კრაუსენი.
მისი განცხადებით, ალგორითმი მათ სიმულაციებზე ათობით ათასჯერ შეამოწმეს და გაოცებული დარჩნენ იმ სიზუსტით, რითაც მან სიმულირებულ გალაქტიკათა შერწყმების ისტორიები აღადგინა მხოლოდ მათი სფეროსებრი გროვების პოპულაციათა გამოყენებით.
შემდეგი ნაბიჯი იყო პროგრამულ უზრუნველყოფაში რეალური მონაცემების შეყვანა. ბოლო წლებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა „გაიამ“ ირმის ნახტომის უზუსტესი რუკა შეადგინა არა მხოლოდ სივრცის, არამედ როის დეტალების გათვალისწინებითაც. შედეგად მივიღეთ გალაქტიკურ ობიექტთა მდებარეობისა და მოძრაობის ამ დროისათვის უზუსტესი რუკა, რამაც ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაში არაერთი მომაჯადოებელი აღმოჩენა გაგვაკეთებინა.
გაიას მონაცემების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები მათი ორბიტული მოძრაობის მიხედვით დააჯგუფა. იმიტომ, რომ გროვები, რომლებსაც ირმის ნახტომის გარშემო ერთნაირი ორბიტები აქვთ, ერთი და იმავე ადგილას დაბადებულებად მიიჩნევა; ეს ადგილი კი გახლავთ გალაქტიკა, რომელიც წარსულის გარკვეულ მონაკვეთში ირმის ნახტომმა შთანთქა.
როდესაც ჯგუფმა ეს მონაცემები პროგრამული უზრუნველყოფით დაამუშავა, მიღებული შედეგები მჭიდროდ დაემთხვა ხუთ გალაქტიკურ შეჯახებას.
ოთხი მათგანის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო — გაია-ენცელადის გალაქტიკა, რომელსაც გაია სოსისსაც უწოდებენ, ირმის ნახტომმა დაახლოებით 9 მილიარდი წლის წინ გადაყლაპა; ჰელმის ნაკადები, რომლებიც დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მომხდარი შეჯახების ნარჩენებია; სეკვოიას გალაქტიკა, რომელიც ირმის ნახტომს დაახლოებით 9 მილიარდი წლის წინ შეერწყა; და მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც უკვე მილიარდობით წელიწადია, ირმის ნახტომში გამუდმებით შედის და გადის.
მეხუთე შეჯახების გამოაშკარავება შესაძლებელი გახდა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი „დაბალენერგიული“ სფეროსებრი გროვების წყალობით. პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზის მიხედვით, ეს ყველაფერი მჭიდროდ ემთხვევა ამ დრომდე უცნობი და ძლიერ მნიშვნელოვანი შეჯახების მახასიათებლებს გალაქტიკასთამ, რომელსაც ასტრონომთა ჯგუფმა კრაკენი უწოდა.
„კრაკენთან შეჯახება ყველაზე მნიშვნელოვანი შერწყმა უნდა ყოფილიყო, რაც კი ირმის ნახტომს გადაუტანია“, — ამბობს კრაუსენი.
მისივე თქმით, აქამდე მიიჩნეოდა, რომ შეჯახების უდიდესი მოვლენა იყო შეჯახება გაია-ენცელად-სოსისის გალაქტიკასთან, რომელიც 9 მილიარდი წლის წინ მოხდა. თუმცა, კრაკენის გალაქტიკა ირმის ნახტომს 11 მილიარდი წლის წინ შეეჯახა, როდესაც ჩვენს გალაქტიკას ამჟამინდელზე ოთხჯერ ნაკლები მასა ჰქონდა. შედეგად, კრაკენთან შეჯახებამ ირმის ნახტომის ფორმა მაშინ წარმოუდგენლად შეცვალა.
ამ ინფორმაციის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა ააწყო „ოჯახური ხე“, რომელიც დეტალურად აღწერს ირმის ნახტომის შეჯახებათა ისტორიას, ხუთ დიდ შეჯახებას გალაქტიკებთან, რომელთაგან თითოეული 100 მილიონზე მეტ ვარსკვლავს შეიცავდა; ეს შეჯახებები 6-11 მილიარდი წლის წინ არის მომხდარი. გარდა ამისა, აღწერილია 15 მცირე შეჯახებაც ისეთ გალაქტიკებთან, რომლებიც 10 მილიონამდე ვარსკვლავს შეიცავდნენ.
ამ ოჯახურმა ხემ უნდა შექმნას საფუძველი მიმდინარე და სამომავლო კვლევებისთვის, რომელთა მიზანიც იმ ეპიკურ მოვლენათა შესწავლაა, რომლებმაც ჩვენი გალაქტიკის ისტორია შეცვალა.
„ამ დროისათვის გამოვლენილია ხუთზე მეტი წინაპარი გალაქტიკის ნარჩენები. ამჟამინდელი და სამომავლო ტელესკოპების გამოყენებით, ყველა ასეთი მოვლენის აღმოჩენა უნდა მოხერხდეს“, — ამბობს კრაუსენი.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ras.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.