აღმოჩენილია სატურნის 20 ახალი მთვარე — იუპიტერმა რეკორდსმენის ტიტული დაკარგა
სატურნმა იუპიტერს მზის სისტემაში ყველაზე მეტი მთვარის მფლობელის სტატუსი ჩამოართვა. ამის შესახებ კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტი იუწყება.
მეცნიერებმა სატურნის გარშემო მოძრავი აქამდე უცნობი 20 მთვარე აღმოაჩინეს, რის შედეგადაც, სატურნს ამჟამად 82 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს, იუპიტერს კი 79.
აღმოჩენა ახალ გზებს ხსნის სატურნისა და მისი მთვარეების წარმოშობის შესასწავლად.
აღმომჩენი ჯგუფის ხელმძღვანელის, კარნეგის ასტრონომის, სკოტ შეფარდის განცხადებით, მსოფლიოს უდიდეს ტელესკოპთა გამოყენებით, უკვე შესაძლებელია გიგანტური პლანეტების პატარა მთვარეების აღმოჩენა. ასეთი ბუნებრივი თანამგზავრები გადამწყვეტ როლს თამაშობენ მზის სისტემის პლანეტების წარმოშობისა და განვითარების შესასწავლად.
თითოეული ახლად აღმოჩენილი მთვარის დიამეტრი 5 კილომეტრია, მათგან 17 მოძრაობს რეტროგრადულად, ანუ სატურნის ბრუნვის მიმართულების საპირისპიროდ. ერთ-ერთი მათგანი კი სატურნის ამჟამად ჩვენთვის ცნობილი უშორესი მთვარეა.
ახალი მთვარეები ემატება სატურნის გარე მთვარეების სამ ჯგუფს, რომელიც დაჯგუფებულია პლანეტის გარშემო მათი მოძრაობის კუთხეების მიხედვით. რეტროგრადული მთვარეები სკანდინავიურ ჯგუფს (სახელი ეწოდა სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით) შეემატა, ორი მთვარე ესკიმოსთა ჯგუფს, ერთიც გალიურ (ისევ მითოლოგია) ჯგუფს.
მეცნიერთა აზრით, თითოეული ეს ჯგუფი წარმოქმნილია ერთი დიდი მთვარისგან, რომელიც პატარა სხეულებად დაიმსხვრა.
შეპარდის თქმით, გარე მთვარეების ასეთი შეჯგუფებები ასევე შეიმჩნევა იუპიტერის გარშემო, რაც მიუთითებს სასტიკ შეჯახებებზე სატურნის მთვარეებს შორის, ან მისი მთვარეების შეჯახებას ჩამვლელ ობიექტთან, მაგალითად, ასტეროიდებთან ან კომეტებთან.
ახალი გალიური მთვარე სატურნის გარშემო თავის კომპანიონებზე ბევრად უფრო შორიდან მოძრაობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის გარეთ რაღაცამ გააგდო, ანდაც იმაზე, რომ ის იმავე შეჯახებისგან არ არის წარმოქმნილი, რისგანაც დანარჩენი მთვარეები.
ახალი მთვარეები მკვლვრებმა ჰავაიზე, მაუნა-კეას მთაზე განთავსებული სუბარუს ტელესკოპით აღმოაჩინეს. სატურნის მთვარეებს ისინი უკანა ფონზე არსებულ ვარსკვლავებთან და გალაქტიკებთან მიმართებაში მოძრაობის წყალობით აკვირდებიან.
შეპარდმა და მისმა ჯგუფმა ახალი მთვარეები შარშან იუპიტერის გარშემოც აღმოაჩინეს და სახელების შესარჩევად ონლაინ კონკურსი გამოაცხადეს. იგივე მეორდება ახლაც. ამჯერად არის ერთი აუცილებელი მოთხოვნა — სატურნის ახალ მთვარეებს უნდა დაერქვას სკანდინავიური, გალიური და ესკიმოსური მითოლოგიის გიგანტების სახელები.
თუ რაიმე ვერსია თქვენც გაქვთ, შეგიძლიათ მეცნიერებს შესთავაზოთ „ტვიტერის“ გვერდზე @SaturnLunacy, ჰეშტეგით #NameSaturnsMoons.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.