ჰაბლმა სატურნს ახალი, შთამბეჭდავი ფოტო გადაუღო
ჰაბლმა სატურნს ახალი, შთამბეჭდავი ფოტო გადაუღო

2019 წლის 20 ივნისს, სატურნი დედამიწას წლის განმავლობაში ყველაზე ახლოს, 1,36 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა. ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და რგოლებიან პლანეტას შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაუღო.

გაშვებისას, ჰაბლის მიზანი არა მხოლოდ შორეული ასტრონომიული ობიექტების, არამედ მზის სისტემის პლანეტების შესწავლაც იყო. ჩვენი მეზობელი პლანეტებისათვის ჰაბლის მიერ გადაღებულ ფოტოებს რეზოლუციით მხოლოდ ის სურათები აჭარბებს, რომლებიც ამ პლანეტებთან უშუალოდ მიახლოებულმა ხომალდებმა გადაიღეს. თუმცა, ჰაბლს მათთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს — ამ ობიექტებზე დაკვირვება მას პერიოდულად შეუძლია, უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე რომელიმე ჩამვლელ ხომალდს.

სატურნს მრავალი თვალშისაცემი მახასიათებელი აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე განთქმულია რგოლების სისტემა, რომელიც ახლა დედამიწასთან მიმართებაში დახრილია. ეს ფაქტორი ნამდვილად ბრწყინვალე ხედს გვთავაზობს.

სატურნის რგოლები 1655 წელს ჰოლანდიელმა ასტრონომმა კრისტიან ჰიუგენსმა აღმოაჩინა და ჩათვალა, რომ ის პლანეტის გარშემო მოძრავი ერთიანი დისკო იყო. თუმცა, ახლა უკვე ვიცით, რომ ისინი პლანეტის გარშემო მოძრავი მტვრისა და ყინულის ნაწილაკებისგანაა წარმოქმნილი. რგოლები მზის სისტემის ყველა გაზის გიგანტს აქვს, მაგრამ სატურნის რგოლები მათ შორის ყველაზე დიდი და შთამბეჭდავია.

სატურნის რგოლების ასაკის საკითხი საკამათოა. უცნობია ისიც, რა სახის კოსმოსურმა მოვლენამ წარმოქმნა ისინი. ამის შესახებ, პლანეტურ მეცნიერთა შორის კონსენსუსი არ არსებობს.

კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მახასიათებელია პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული ექვსკუთხედის ფორმის სტრუქტურა. მას აირების მაღალი სიჩქარის ნაკადები წარმოქმნის და იმდენად დიდია, რომ თავისუფლად ჩაეტეოდა ოთხი დედამიწა.

სატურნის ქარვისფერი შეფერილობა განპირობებულია ზაფხულის სმოგის მსგავსი ნისლით, რომელსაც მზის ულტრაიისფერი რადიაცია ფოტოქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნის. ნისლის ქვეშ მდებარეობს ამიაკის ყინულის კრისტალების ღრუბლები, უფრო ქვემოთ კი ჩვენთვის უხილავი ღრუბლები, რომლებიც ამონიუმის ჰიდროსულფიდისა და წყლისგან შედგება. პლანეტის ზოლებიანი სტრუქტურა განპირობებულია სხვადასხვა სიმაღლეზე არსებული ღრუბლებითა და ქარებით.

საკუთარი ღერძის მიმართ სატურნი 27 გრადუსით იხრება, რის გამოც, სეზონების მიხედვით, ჩვენ მას სხვადასხვაგვარად ვხედავთ. მოცემული ფოტო გადაღებულია პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონის დროს.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.