აფხაზური გამოცემა და რუსი ოკუპანტები პირველი არხის ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ
აფხაზური გამოცემა და რუსი ოკუპანტები პირველი არხის ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

აფხაზური ონლაინგამოცემა „აპსნი ლაიფი“ (Apsny LIFE) – პირველი არხის პროექტ „ახალი კვირის“ რეპორტიორების კადრებს ავრცელებს, რომელიც ოკუპანტებმა მაშინ გადაიღეს, როცა პირველი არხის ჟურნალისტები ორსანტია-ოტობაიას ხიდზე ერთ-ერთ რეპორტაჟზე მუშაობდნენ.

„ქართველი ჟურნალისტები ამზადებენ პროვოკაციულ მასალას საზღვარზე“, – ასეთი სათაურით მოხვდა რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები ვებპორტალზე.

ინტერნეტგამოცემა Apsny LIFE წერს, რომ „რედაქციას ხელში ჩაუვარდა ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს, როგორ მუშაობენ ქართველი ჟურნალისტები კიდევ ერთი პროვოკაციული რეპორტაჟის მოსამზადებლად“.

რეალურად საქმე ეხება რეპორტაჟს „ენგურში გადაყრილი მიხაკები“, რომელიც ახალი კვირის ეთერში 24 თებერვალს გავიდა. რეპორტაჟში ავტორები სოფო მთივლიშვილი და გიორგი კიკვაძე საუბრობენ ორსანტია- ოტობაიას ხიდზე 19 თებერვლის სამგლოვიარო პროცესიაზე, რომელიც მავთულხლართებმა ორად გაყო, ოკუპანტებმა კი ჭირისუფლებს გარდაცვლილის დატირების უფლება არ მისცეს. ამ თემაზე მუშაობის დროს ოკუპანტებმა „ახალი კვირის“ რეპორტიორებს გაფრთხილება მისცეს, თუ არ დატოვებდნენ მათი გაგებით აფხაზეთის ე.წ. საზღვარს, ჟურნალისტებს დააკავებდნენ.

ოკუპანტების მოთხოვნა არალეგიტიმური და ჟურნალისტების უფლებების შემლახავი იყო. რუსმა ოკუპანტებმა ხიდის მეორე მხრიდან დაიწყეს გადაღება და საბოლოოდ ეს ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორ მუშაობს „ახალი კვირის“ გადამღები ჯგუფი ორსანტია-ოტობაიას ხიდზე, აფხაზური მედიის ვებპორტალზე მოხვდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ექსესების გარეშე დასრულდა.