სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს
სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, საოკუპაციო ზახთან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ძალები რკინის ძელების მონტაჟს ახორციელებენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სამუშაოები საოკუპაციო ძალების საგუშაგოდან დაახლოებით 200 მეტრში, სოფელ ხურვალეთის მხარეს მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.