სუს - სოფელ ფახულანის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები, რაც წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს
სუს - სოფელ ფახულანის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები, რაც წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს

სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.

„მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.

საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.