უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში მდებარე დასახლება მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში მდებარე დასახლება მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქის ბუჩის რაიონში მდებარე საქალაქო ტიპის დასახლება მაკაროვი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

„დღის განმავლობაში, ჩვენი დამცველების გმირული მოქმედებების შედეგად, ქალაქ მაკაროვის თავზე აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა, მტერი უკუგდებულია“ , – ნათქვამია განცხადებაში.

მაკაროვთან უკვე რამდენიმე კვირაა, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული მედია წერდა, რომ დასახლების დაკავება რუსეთის ძალებმა რამდენჯერმე შეძლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ისინი განდევნეს.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პავლიუკის განცხადებით, მაკაროვი კიევის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიმართულებაა.